გარემოვაჭრეები რიყეზე სუვენირების გაყიდვის უფლებას ითხოვენ

გარემოვაჭრეები რიყეზე სუვენირების გაყიდვის უფლებას ითხოვენ. რიყის ტერიტორიაზე სუვენირებით გარემოვაჭრეებმა დღეს თბილისის მერიის წინ აქცია გამართეს და მოითხოვეს, კვლავ მიეცეთ სუვენირების გაყიდვის უფლება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე დღეა მათ რიყეზე სუვენირების გაყიდვის უფლებას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები აღარ აძლევენ. ისინი გარემოვაჭრეებისგან ტერიტორიის დატოვებას ითხოვენ.

გარემოვაჭრეებს მხარს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი უჭერს.

როგორც აქციაზე მყოფმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, მერიამ ამ ადამიანებს გარე ვაჭრობის ნებართვა უნდა მისცეს, რადგან ტურისტულ ადგილებში სუვენირებით ვაჭრობა არც ერთ ქვეყანაში არ არის აკრძალული.

„როგორც ჩანს, რიყეზე გამოჩნდა ჩინოვნიკი, რომელსაც სურს თავად მიიღოს შემოსავალი. ამ ადამიანებისთვის კი სუვენირებით ვაჭრობა პურის ფულის შოვნის საშუალებაა. მოვითხოვთ გარევაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცებას, რომლის ავტორი მე ვარ. პარლამენტმა ოთხი წელია ვერ მოიცალა, რომ ეს წესი მეორე მოსმენით განიხილოს. ამასთანავე, მოვითხოვთ, რომ შეწყდეს გარემოვაჭრეების დევნა, სანამ ამ წესს არ დამტკიცებენ“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, 29 აგვისტოს გარემოვაჭრეები აქციას რიყის პარკის ტერიტორიაზე გამართავენ.