კუს ტბის განახლებული საბაგირო სექტემბრის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება

განახლებული საბაგირო გზით მგზავრები ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრას 6 წუთში შეძლებენ.

კუს ტბის განახლებული საბაგირო სექტემბრის პირველ ნახევარში ოფიციალურად ამოქმედდება. მიმდინარე კვირის ბოლოდან კი საბაგირო მუშაობას სატესტო რეჟიმში დაიწყებს. როგორც მერიაში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, გონდოლების დამონტაჟება უახლოეს დღეებში მოხდება.

განახლებული საბაგირო გზით, მგზავრები ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრას 6 წუთში შეძლებენ.

კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მშენებლობას კომპანია „ბაგირმშენი“ ახორციელებს. საბაგიროს ორივე (ქვედა და ზედა) შენობაში ინტენსიური სარემონტო სამუშაოები ტარდება. ამ ეტაპზე შეიცვალა გამწევი ბაგირი. დამონტაჟდა საბაგირო გზის მართვის თანამედროვე პულტი.

კუს ტბის საბაგირო გზაზე მგზავრებს ორი გონდოლა მოემსახურება. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი შეძლებს გადაადგილებას. გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებული იქნება.

მერიის ცნობით, კუს ტბის საბაგირო ზაფხულის თვეებში დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს, ზამთარში კი დილის 08:00-0 საათიდან ღამის 10:00 საათამდე.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გონდოლები კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ძველი იერსახე შეუნარჩუნდა.

კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი დაიხარჯა.

ქრისტინე გამთენაძე