გარემოვაჭრეებმა რიყის პარკში სუვენირებით ვაჭრობის აკრძალვა გააპროტესტეს

რიყის პარკის ტერიტორიაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით გარემოვაჭრეებმა მჯდომარე აქცია გამართეს.

მათ რიყის პარკში სუვენირებით ვაჭრობის აკრძალვა გააპროტესტეს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეებისთვის სუვენირებით ვაჭრობის აკრძალვის მიზეზი ალბათ ის არის, რომ მერიის რომელიმე მაღალჩინოსანს მოუნდა საკუთარი ბიზნესის გაკეთება.

„გარემოვაჭრეთა თხოვნით, ჩვენი მხარდაჭერით დღეს იმართება აქცია. საუბარია რიყის ტერიტორიაზე, სადაც, როგორც ჩანს, მერიის რომელიმე მაღალჩინოსანს მოუნდა საკუთარი ბიზნესის გაკეთება ამ ადამიანების ლუკმა-პურის წართმევის ხარჯზე. რადგან სხვა ახსნა, თუ რატომ დაერივნენ სუვენირებით გარემოვაჭრეებს, უბრალოდ არ არსებობს. დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ტურისტულ ზონაში სუვენირების გამყიდველს სუვენირების გაყიდვის უფლება არ ჰქონდეს“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილემ, გარემოვაჭრე მაყვალა კანდელაკმა განაცხადა, უკვე 2 თვეა, რაც მათ რიყის ტერიტორიაზე სუვენირებით ვაჭრობა აეკრძალათ.

„გახსნის დღიდან ამ ბაღში ვვაჭრობ ხელნაკეთი სუვენირებით და სათამაშოებით, არ ვყიდით პროდუქტებს“, - განაცხადა მაყვალა კანდელაკმა.

მისივე თქმით, გარემოვაჭრეებმა შესაბამის ორგანოებს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მათგან პასუხი არ მიუღიათ.