ჟიზელ ბიუნდჰენი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი  მოდელია

გამოცემა "ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის თანახმად, ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი ზედიზედ მესამე წელია მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზრაურებადი მოდელია.

"ფორბსის" ცნობით, გასული ერთი წლის განმავლობაში ბრაზილიელმა მოდელმა 30,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.  მისი შემოსავლები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის თანამშრომლობას Chanel-თან, Carolina Herrera-სთან და Pantene-თან.

ბიუნდჰენის უახლოესი კონკურენტი რეიტინგში ასევე ბრაზილიელი ადრიანა ლიმაა, რომელმაც 10,5 მილიონის გამომუშავება შეძლო. მესამეზე კენდალ ჯენერია, მეოთხეზე კარლი კლოსი, მეხუთე პოზიციაზე კი ჯიჯი ჰადიდია, რომელიც რეიტინგში წელს პირველად დასახელდა.

"ფორბსის" მონაცემებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი  ოცი მოდელის შემოსავლებმა ჯამში 154 მილიონი დოლარი შეადგინა.

ბრიტანელი ქეით მოსი ერთადერთი მოდელია, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების 1999 წელს გამოქვეყნებულ პირველ რეიტინგშიც ფიგურირებდა - კლაუდია შიფერთან, სინდი კროუფორდთან და ნიკი ტეილორთან ერთად. წლევანდელ რეიტინგში ქეით მოსი მე-13 პოზიციაზეა 5 მილიონი დოლარით.

კოკა კვირკველია