„აჭარის დღეები“ სამიზნე ქვეყნებში წარმატებული პროექტია

რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისა და აჭარაში ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში „აჭარის დღეების“ გამართვას ასახელებს.

დეპარტამენტის ახალი პროექტი, რომელიც სამიზნე აუდიტორიისთვის ქვეყნის მთავარი ღირებულებების ჩვენებას ითვალისწინებს წარმატებით მიმდინარეობს. ქართული ფოლკლორი, სამზარეულო, ღვინო და ტურისტული ღირსშესანიშნაობები პოპულარობით სარგებლობს იმ ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ გამართა. ლიტვის, ისრაელის, ყაზახეთის, ბელორუსისა და პოლონეთის მაცხოვრებლებმა, ჟურნალისტებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებმა აჭარაში ჩამოსვლამდე, თავიანთ ქვეყანაში ნახეს რისი დათვალიერების, დაგემოვნებისა და ნახვის შესაძლებლობა აქვთ რეგიონში სტუმრობისას.

აჭარის დღეები როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე დახურულ სივრცეში იმართება და სტუმრებს საშუალება ეძლევათ ვირტუალურად საქართველოში იმოგზაურონ - ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ ხალხური სიმღერასა და ცეკვას გაეცნონ, ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნონ. ასევე მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებისა და ცეკვების მასტერკლასებში. აჭარის პოტენციური ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ ჩატარებული აჭარის დღეები აღმოჩნდა, სადაც ქართული ფოლკლორი ლიტველებს ფლეშმობებითა და მაშტაბური კონცერტით გააცნეს. ქართული არამატერიალური კულტურის გაცნობის შესაძლებლობა ლიტვის ტურისტულ ქალაქ კლაიპედაში ჩასულ ტურისტებსა და ადგილობრივებს ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში გამართულ აჭარის დღეზეც ჰქონდათ, სადაც ორი დღის განმავლობაში ღონისძიებას 2000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ლიტვის მსგავსად წარმატებით ჩატარდა რეგიონისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ისრაელში, პოლონეთში, ბელორუსსა და ყაზახეთშიც. შედეგად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ აჭარის დღეებს სამიზნე ქვეყნებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც როგორც უშუალოდ ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანთა შეფასებებში, ასევე მედიასივრცეში გამოქვეყნებულ სტატიებსა და სიუჟეტებში აისახა. მინსკში ჩატარებული აჭარის დღის მაგალითს თუ მოვიყვანთ, ბელორუსულ მედიაში რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და მდიდარი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ რადიოში, ტელევიზიაში, ბეჭდურ და ონლაინ მედია საშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების, ბლოგებისა და ტელე-რადიო სიუჟეტების საერთო წვდომამ 7 685 000-ს მიაღწია. დეპარტამენტის მიერ აჭარის დღეზე წარმოდგენილ ფოლკლორს, სამზარეულოს, ღვინოსა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს 30-მდე ვრცელი სტატია და ტელე-რადიო სიუჟეტი მიუძღვნეს ჟურნალისტებმა, რომლებიც რეგიონისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ.

სამიზნე ქვეყნებში რეგიონისა და ქვეყნის წარმოჩენა ფოლკლორისა და სამზარეულოს სახით დეპარტამენტმა მიმდინარე წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე კი წლის დასაწყისში დაანონსებულ 5 ღონისძიებას, რომელიც აჭარის დღეების გამართვას თელ-ავივში, მინკში, ასტანაში, ვარშავასა და ვილნიუსში ითვალისწინებდა, ორი კლაიპედასა და კრაკოვში დაემატა. წლის ბოლომდე კი პროექტი ისევ გრძელდება და ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოტენციურ ტურისტებს ქართულ არამატერიალურ კულტურას ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში წარუდგენს.