"იანდექს ტაქსის" მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

რუსული კომპანია ”იანდექს ტაქსის” მძღოლმა საპატრულო პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საპატრულო პოლიციამ მიმართვაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

„მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, უშუალოდ გამოძიება კი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 125-ე მუხლით დაიწყო“, - აცხადებენ შსს-ში.

რუსული კომპანია “იანდექს ტაქსი” ქართულ ბაზარზე 23 აგვისტოს შემოვიდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ “იანდექსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა დატანილი. შესაბამისად, კომპანია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს” არღვევს. თავად „იანდექს ტაქსის“ წარმომადგენლობა ამ ბრალდებას უარყოფს.