მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა 2017 წლის მაისში დასრულდება

თბილისის მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის” მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, ამჟამად ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტისთვის” ესკალატორებს ოქტომბერში ესპანეთიდან ჩამოიტანენ. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური კომპანია ,,ასიგნია კობრა” ახორციელებს. მშენებლობაზე ასევე საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია ,,ევროსტუდიო” მუშაობს.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძე აღნიშნავს, ახალი მეტროსადგური დანარჩენებისგან გამორჩეული იქნება.

,,აშენდება გაცილებით თანამედროვე სადგური, ოთხი ჩასასვლელით. ჩასასვლელები სანდრო ეულის ქუჩიდან მოეწყობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მეტროსადგური ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის”, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტი დათქმულ დროს ჩაბარდება.

მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობის დასრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღი 2017 წლის მაისია. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. პროექტის სავარაუდო ღირებულება 83 მილიონი ლარია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

ქრისტინე გამთენაძე