ბიძინა ივანიშვილი იპოთეკით დაზარალებულებზე - არ ყოფილა დაპირება, რომ კრედიტებს დავუბალანსებდი ან გავუხანგრძლივებდი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იპოთეკით დაზარალებულებთან დაკავშირებით თანაგრძნობის მეტი გამოსავალი ვერ ნახა.

მისი თქმით, არასდროს გაუცია დაპირება, რომ კრედიტებს გასცემდა, გაუხანგრძლივებდა ან დაუბალანსებდა სესხებს.

”რაც შეეხება იპოთეკარებს, არ ყოფილა დაპირება, რომ დავუბალანსებდი, გავუგრძელებდი და კრედიტებს გავცემდი. მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ ეს არის რთული პრობლემა და ეს არ არის მხოლოდ აჭარის პრობლემა, ეს პრობლემა დგას მთელ საქართველოში. ხაბაძე ამ მხრივ იყო გამორჩეული და მხარს ვუჭერდი ხაბაძეს, სადაც შესაძლებელი იყო გახანგრძლივება, ეს მოხდა. მეც მხარს ვუჭერდი ამაში, მაგრამ ძალიან ბევრი გავაკეთე-თქო, ვერ დავიტრაბახებთ. იპოთეკური პრობლემა არის ძალიან დიდი საქართველოსთვის. ჯანდაცვაში მოხდა საოცრება, ძირითადი რესურსები აქეთ წავიდა. ბევრი იპოთეკარი სწორედ ამ მიზნით არის იპოთეკარი, რომ მან სახლი ჩადო მკურნალობისთვის. თანაგრძნობის მეტი გამოსავალი ვერ ვნახეთ. მეორე მხარეს დგანან ბანკები. 6 მილიარდს შეადგენს თანხა, რაც ბიუჯეტში არ არის. ძალიან რთულია ეს პრობლემა. ახალი მთავრობაც გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება. შეხვედრები მქონდა, მაგრამ ის, რომ მე დავპირდი კრედიტებს მივცემდი და სესხს გავუგრძელებდი, ასე არ ყოფილა”, - განაცხადა ივანიშვილმა.