დიდი ოცეულის ფარგლებში პუტინისა და ობამას შეხვედრა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკების მთავარი თემა სირია და უკრაინა იყო.

„იტარ ტასის“ ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა.

ამ დრომდე ობამასა და პუტინს შორის დაგეგმილი მოლაპარაკების თემა არ საჯაროვდებოდა.

„შეხვედრა იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. მხარეები შეყოვნდნენ, განიხილავდნენ სირიას, უკრაინასაც. ამის შემდეგ ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა დახურულ კარს მიღმა განაგრძეს შეხვედრა,“ - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანს სხვა თემებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

ამერიკულ მხარეს მოლაპარაკების შედეგებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.