ბიძინა ივანიშვილი - პრობლემები გვაქვს პირველ რიგში ექიმების კვალიფიკაციაში, რაც დიდხანს ვერ აღმოიფხვრება

ჯანდაცვაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფინანსები მივმართეთ და არა იმიტომ, რომ ვინმემ სასწაული ჩაიდინა

, - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სექტორში დღესაც უამრავი პრობლემაა, რაზეც დედამისის მაგალითზე შეუძლია ისაუბროს, რომელიც ფეხის მოტეხილობით საჩხერის საავადმყოფოში წევს.

„ჯანდაცვაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფინანსები მივმართეთ. არ იფიქროთ, რომ ვინმემ რამე სასწაული ჩაიდინა. სერგეენკო ძალიან წარმატებული მინისტრია, მაგრამ მის წარმატებაში მთელი მთავრობის წვლილია. შეგიძლიათ აღარ ჩამოთვალოთ, უამრავი პრობლემაა ჯანდაცვაში. დედაჩემი ახლაც საავადმყოფოშია და შემიძლია, დაგასწროთ და მოგიყვეთ, რამდენი პრობლემაა, თუმცა საჩხერის საავადმყოფო არის ევროპული სტანდარტის. პრობლემები გვაქვს პირველ რიგში ექიმების კვალიფიკაციაში, რაც დიდხანს ვერ აღმოიფხვრება. არ ჩამოვთვლი რამდენი შეცდომა იქნა დაშვებული, თუნდაც დედაჩემის მაგალითზე, რომელმაც ფეხი მოიტეხა, მაგრამ 4 წელიწადში ვერც ჯანდაცვა და ვერც ეკონომიკა... მთავარია ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს. ეს თანხებიც არაა საკმარისი, მაგრამ სწორად ნაწილდება ის დუხჭირი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ხალხი აღარ იხოცება ისე, როგორც იხოცებოდა (ბოდიშს ვიხდი, უხეშად გამომივიდა) და სახლ-კარს აღარ აგირავებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.