მევენახეთა ნაწილი რქაწითელის ფასით უკმაყოფილოა

კახეთში „რთველი 2016“ დაახლოებით ორი კვირაა დაიწყო.

წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალის რაოდენობა 180 ათას ტონას შეადგენს. ამ დროისათვის რეგიონში 9 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, მევენახეებმა კი ყურძნის რეალიზაციის შედეგად 7,3 მლნ ლარი მიიღეს.

ღვინის კომპანიები საფერავში წელს 80 თეთრს, რქაწითელსა და მწვანეში კი 35 თეთრს გადაიხდიან. ამას დაემატება სახელმწიფოსგან სუბსიდია, კერძოდ საფერავზე 20 თეთრის, რქაწითელსა და მწვანეზე კი 45 თეთრის ოდენობით. შედეგად, მევენახეები 1 კილოგრამ საფერავში – 1 ლარს, რქაწითელსა და მწვანეში კი – 80 თეთრს აიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფასებით მევენახეთა ნაწილი უკმაყოფილოა. პროტესტს ძირითადად რქაწითელის ფასი იწვევს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს მკვიდრმა ავთო ჭინჭარაულმა უთხრა, გლეხები ელოდნენ, რომ რქაწითელი 1 ლარი ეღირებოდა.

„სოფელში მოსავალი კარგი იყო, მაგრამ მოსავლის თითქმის ნახევარი გაფუჭდა. ამის მიზეზი კი ძირითადად, დაავადებები - ჭრაქი და ნაცარა იყო. ფასს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, 80 თეთრი დაბალი არ არის, მით უმეტეს წინა წელთან შედარებით, როცა ყურძენს ჯამში 70 თეთრად ვაბარებდით. მაგრამ ხალხი მაინც ძალიან უკმაყოფილოა. ამის მეტი შემოსავალი არ გვაქვს და გლეხებიც ელოდებოდნენ, რომ წელს, საარჩევნოდ მაინც ლარი გახდებოდა”, - აღნიშნა ადგილობრივმა ავთო ჭინჭარაულმა.

ამავე სოფლის მკვიდრი გელა არაბული წელს 20 ტონამდე მოსავალს ელოდება, თუმცა 20-30 % უამინდობის თუ სხვადასხვა დაავადების გამო დაუზიანდა. გელა არაბული ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ ვენახის მოვლას დაახლოებით 3 000 ლარი სჭირდება, ამიტომ მისი თქმით, 80 თეთრი ცოტაა. მით უმეტეს, რომ რქაწითელი ყველაზე დიდი ოდენობით აქვთ გაშენებული.

„გლეხები ელოდნენ, რომ წლევანდელ რთველზე ყურძენს (რქაწითელს და მწვანეს) 1 ლარად ჩააბარებდნენ“, - ამბობს გელა არაბული.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე სახელმწიფო სუბსიდიას ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებზე გასცემდა, 2015 წლიდან კი ეს სისტემა შეიცვალა და სუბსიდიას უკვე მეორე წელია უშუალოდ მევენახეები იღებენ.

წლევანდელისგან განსხვავებით, გასულ წელს სუბსიდიის ოდენობა ნაკლები იყო - კერძოდ 2015 წელს სახელმწიფო 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრს, 1 კგ საფერავზე კი – 15 თეთრის სუბსიდიას გასცემდა.

2015 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამა სახელმწიფოს მინიმუმ 30 მილიონი ლარი დაუჯდა. მევენახეების შემოსავალმა კი 102 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.