ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო მუშაობას შეწყვეტს

ენგურჰესის გეგმური სარემონტო სამუშაოებისთვის მზადება იწყება.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ენგურჰესის გვირაბში სამუშაოები სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში განხორციელდება.

,,გვირაბთან დაკავშირებულ სამუშაოებს მოჰყვება ენგურჰესის გაჩერება. თუმცა, უკვე არის დრო, რომ ინსპექტირება ჩავატაროთ და დავგეგმოთ შესაბამისი სამუშაოები”, - აღნიშნავს მარიამ ვალიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ენგურჰესის გვირაბში სარემონტო სამუშაოები 2006 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა.

,,ყოველ 5 წელიწადში ერთხელ სტანდარტია, რომ გვირაბს ჩაუტარდეს დათვალიერება და შესაბამისად, გეგმური სარემონტო სამუშაოები განხორციელდეს, რაც ვერ მოხდა 2011-12 წლებში. ამჟამად მოლოდინის რეჟიმში ვართ, უნდა შეირჩეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, როცა ენგურის გვირაბის გაჩერება შესაძლებელი იქნება. თებერვალ-მარტში,  როდესაც ყველაზე დაბალია წყლის დონე, გვირაბის დათვალიერება მოხდება და შეფასდება თუ რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო”, - აღნიშნავს მარიამ ვალიშვილი.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ ენგურჰესი სამ-ოთხ კვირაზე მეტ ხანს არ გაჩერდება. მისი თქმით, ამ დროისთვის მობილიზებულები იქნებიან უცხოელი ინჟინრები. ისინი შეაფასებენ სამუშაოს მოცულობას და იმუშავებენ პროექტზე.

,,თებერვალ-მარტში ყველაზე წყალმცირე თვეებია ენგურისთვის. დაბალი გამომუშავების სეზონია და მოგეხსენებათ, ძირითადად ეს რესურსი აფხაზეთს მიაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი პრობლემა ელექტრომომარაგებაში არ შეიქმნება. ეს არის საერთო ჯამში 150-200 მილიონი ვატის თემა, რაც რეალურად, მოხმარების ძალიან მცირე ნაწილია. აქედან გამომდინარე, მისი სისტემაში დაკომპენსირების პრობლემა არ შეიქმნება, მით უმეტეს, რომ ექსპლუატაციაში შედის ახალი ჰიდროელექტროსადგურები და გვაქვს ჩანაცვლების რესურსი”, -აღნიშნავს მარიამ ვალიშვილი.

ქრისტინე გამთენაძე