მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამით პენსიის გაზრდა გათვალისწინებული არ არის

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით პენსიის კონკრეტული ოდენობით გაზრდა გათვალისწინებული არ არის. მმართველი გუნდი, საარჩევნო პროგრამით, რომლის სახელწოდებაა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, ამომრჩევლებს კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს.

„ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. აღნიშნული რეფორმა კაპიტალის ბაზრის შედარებით ფართო რეფორმის შემადგენელი კომპონენტია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას. საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, აგრეთვე არსებული სოციალური სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება. ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, კერძო დაგროვებითი პენსია ოპტიმალური მოდელია საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესების კუთხით. კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. გარდა ამისა, კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას აქვს ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი. კერძო დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და საბოლოოდ, დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, - აცხადებს „ქართული ოცნება“. საარჩევნო პროგრამაში მმართველი გუნდი იმასაც განმარტავს, თუ რა ეკონომიკური ეფექტი ექნება აღნიშნულ რეფორმას. „რეფორმის განხორციელება რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელს გაზრდის დამატებით 0,4-0,6%-ით. დამატებითი კაპიტალის გაჩენა ეკონომიკაში ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილიდან, რომლის შექმნასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, 10-15 ათასი ადამიანი მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად შეიქმნება; რეფორმის შედეგად, ქვეყანაში ლარში დენომინირებულ სესხებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით 2%-ით შემცირდება. საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შემცირება, ერთი მხრივ, სტიმულს მისცემს მეწარმეებს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები და გააფართოვონ საკუ- თარი ბიზნესი, ხოლო, მეორე მხრივ, გაიზრდება ეროვნული დანაზოგების გრძელვადიანი მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია საარჩევნო პროგრამაში. „ქართული ოცნების“ განმარტებით, სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება მოქმედი და დაინერგება კიდევ ახალი პროგრამები. „ქართული ოცნების“ სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: სიღატაკის დაძლევა და სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა; უზრუნველყოფილი იქნება სისტემის ფუნქციონირება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმგვარად, რომ გამოირიცხოს სუბიექტური ფაქტორები; გამკაცრდება მონიტორინგის სისტემა; დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული არსებობის გარანტია. დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსებას დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან; დაინერგება სახელმწიფო პროგრამა - „ცხოვრება გრძელდება“, რომლის ფარგლებში კერძო კომპანიები წახალისდებიან საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირების დასაქმებისათვის“, - განმარტებულია მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში.