„ქართული ოცნება“ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებით გამოდის

„ქართული ოცნება“ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებით გამოდის.

როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი, „ქართული ოცნება“ შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას, აღნიშნული დოკუმენტი კი საფუძვლად დაედება ღონისძიებებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი: • მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი; • ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი; • ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი; • დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი; • ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში, რომლის სახელწოდებაა “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. მმართელმა პარტიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გუშინ გამართა.