თბილისის ცენტრალურ უბნებში გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნა დიდია, მიწოდება - ნაკლები

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტიური სეზონი დაიწყო.

სპეციალისტთა თქმით, მოთხოვნა გასულ თვეებთან შედარებით, განსაკუთრებით ბინების დაქირავებაზეა გაზრდილი. რაც შეეხება ფასებს, ღირებულება გასული წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია და თვალშისაცემი კლება ან მატება არ ფიქსირდება.

უძრავი ქონების სააგენტო kibe.ge-ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ არჩევანი ძალიან დიდია მაღალფასიან ბინებზე, თუმცა მათი გაქირავება რთულია. მისივე ინფორმაციით, 200 დოლარამდე ღირებულების ბინებზე მოთხოვნა მაღალია, არჩევანი კი ნაკლები.

,,არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობა ბინებს ძირითადად 200 დოლარის ფარგლებში ეძებს, მაგრამ ნორმალური, იზოლირებული ბინები ამ ეტაპზე ცენტრალურ უბნებში 300 დოლარზე ნაკლებად არ ქირავდება. ამ ფასად ნუცუბიძის პლატოზე შესაძლოა, ოროთახიანის დაქირავება, თუმცა პეკინზე ერთოთახიანის პოვნაც კი არაა მარტივი“, - აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

მისივე თქმით, დაბალი ფასის გამო, ბინები გარეუბნებშიც გაცილებით სწრაფად ქირავდება და მომხმარებელს დასაქირავებელი ბინის პოვნა უკვე გარეუბნებშიც უჭირს.

,,სტუდენტობა გამოჩნდა, მაგრამ სააგენტოში ისეთი მოთხოვნა აღარაა, როგორც ადრე იყო. გასულ წლებში სექტემბერში ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბინის მოძებნას ვერ ავუდიოდით, ახლა ასე ნამდვილად აღარაა. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ შედარებით იაფფასიანი ბინების გაქირავებას მოსახლეობა სააგენტოს გარეშე, თავადაც ახერხებს. ცენტრში 200-250 დოლარიან ბინებზე ისეთი მოთხოვნაა, რომ სანაცნობო წრეშიც ადვილად შეუძლია მსურველს მომხმარებლის პოვნა“, - აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

რაც შეეხება დაგირავებას, ნელი გოგუაძე ამბობს, რომ ამ კუთხით მოთხოვნა ყოველთვის არის, თუმცა გასული წლისგან განსხვავებით, არჩევანი წელს ნაკლებია.

უძრავი ქონების საიტის saqme.ge-ს განვითარების მთავარი მენეჯერი ნიკა ჯაფარიძე ,,ბიზნესპრესიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველდღურად საიტს 1000-დან 2000-მდე განცხადება ემატება.

,,განცხადებათა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ყველა რუბრიკაში არის მატება, თუმცა წამყვანი მაინც გაქირავებაა. ამ ეტაპზე 30 ათასი აქტიური განცხადება გვაქვს საიტზე. მომხმარებელმა აქტიურობა სამი-ოთხი დღის წინ დაიწყო. საიტის დამთვალიერებელთა რაოდენობამ ბოლო დღეებში 19%-ით აიწია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უძრავი ქონების ბაზარი მიმდინარე თვეში განსაკუთრებით აქტიურია. სტუდენტები ჩამოდიან, თადარიგს იჭერენ. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა დაახლოებით ორ თვეს, ოქტომბრის ბოლომდე გასტანს“, - აღნიშნავს ნიკა ჯაფარიძე.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი უბანი, როგორც ყოველთვის, საბურთალოა, სადაც ამ ეტაპზე ერთოთახიანი იზოლირებული ბინის ფასები 250-300 დოლარიდან იწყება. რაც შეეხება გარეუბნებს, იქ დასაქირავებელი ბინების ღირებულება მინიმუმ 50 დოლარით ნაკლებია.

ქრისტინე გამთენაძე