თბილისის შემოვლითი გზის საავტომობილო მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს,  განახლებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირებული მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე, გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მთლიანად აღდგა გზის სავალი ნაწილი, დაიგო ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი, მოეწყო მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, გვერდულები, კიუვეტები, გაბიონები და საგზაო ნიშნები. ასევე, განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და დასრულებულია სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულება 12 121 000 ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.