თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სისტემაზე გადადიან

თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვთა კვების უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სისტემაზე გადადიან , - ამის შესახებ  თბილისის მერიაში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღის აღსაზრდელთა კვების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ პროცედურაში კომპანია „ელფმა“ გაიმარჯვა. ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დავალების პირობების თანახმად, თბილისის ყველა საბავშვო ბაღს კვებით მომსახურებას სწორედ აღნიშნული კომპანია გაუწევს, რაც ბაღებს ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობის ვალდებულებისგან გაათავისუფლებს.

კომპანია „ელფის“ წარმომადგენლები, სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდნენ და კვებითი მომსახურების ახალ სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. სამუშაო ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია „ელფი“ უზრუნველყოფს ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტის დანერგვას თბილისის მასშტაბით არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, კვებით მომსახურების მენიუს შესაბამისად, კალორაჟის დაცვით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მომსახურების გაწევის პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულებას იღებს, თავად უზრუნველყოს კვების ბლოკის ყოველდღიური დასუფთავება და საკვები პროდუქტების ნარჩენების ყოველდღიური გატანა სპეციალიზებული ჭურჭლით, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სისუფთავე კვების ბლოკში, ყოველთვიურად ჩაატაროს გენერალური დასუფთავება და დეზინფექცია. გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს კვების ობიექტზე მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას და ობიექტის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარების შეკეთებას.

ამასთან, მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, კვებითი მომსახურება უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უკვე დასაქმებული სამზარეულოს პერსონალით (მზარეული, მზარეულის დამხმარე(-ები), დამლაგებელი, მრეცხავი და სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი).

„ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გაეცა პასუხი. ჩემი აზრით, საკმაოდ სერიოზული განაცხადი გაკეთდა ბაღების კვებითი მომსახურების უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლის კუთხით. პრაქტიკა ბევრ რამეს გამოაჩენს, თუმცა ეს ბევრად უკეთესი შესაძლებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო კოორდინირებული და ორგანიზებული იქნება ბაღებში კვებითი მომსახურება“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.