General Motors მსოფლიოს მასშტაბით 4 მილიონ ავტომობილს გაიწვევს

ამერიკული ავტომწარმოებელი General Motors მსოფლიოს მასშტაბით 4 მილიონ ავტომობილს გაიწვევს.

„ბიბისის“ ცნობით, ამის მიზეზი უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზია, რასაც უკვე ემსხვერპლა ერთი ადამიანი.

კომპანიის განცხადებით, მართალია ამის შანსი მცირეა, მაგრამ ხარვეზის გამო რიგ შემთხვევებში შესაძლოა შეჯახების დროს უსაფრთხოების ბალიშები არ გაიხსნას.

„შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უკან გაიწვიოს 4 მილიონი ავტომობილი. გაწვევა შეეხება 2014-2017 წლებში გამოშვებულ მსუბუქ, სატვირთო და SUV-ის ტიპის ავტომობილებს“, - ნათქვამია „ჯენერალ მოტორსის“ განცხადებაში.

2014 წელს ამერიკულმა კომპანიამ უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო მსოფლიოს მასშტაბით 2,6 მილიონი ავტომობილი გაიწვია. გარდა ამისა, კომპანიას კომპენსაციის გადახდა მოუწია ამ მიზეზის გამო დაღუპული 124 ადამიანის ოჯახისთვის.