თევზების მასობრივი დაღუპვა საქართველოს ტბებზე

"კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე თევზების სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ ასფიქსიით (ჟანგბადის ნაკლებობა) არის გამოწვეული,

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, როგორც უწყებაში განაცხადეს, უმეტესად კარასის სახეობის თვზების სიკვდილიანობა დაფიქსირდა.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, პაატა ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ტერიტორია შეისწავლეს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტთა ჯგუფმა. კერძოდ, მოხდა თვზის შეგროვება, ტბის 6 წერტილში აღებულ იქნა წყლის სინჯები, შემდგომი გამოკვლევის მიზნით. აღსანიშნავია, რომ თევზების ასფიქსია ზოგადად დამახასიათებელია პალიასტომის ტბისთვის ზაფხულის ბოლოსა და ადრე შემოდგომაზე", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მათ მსგავსი შემთხვევების შემცირებისა და ეკოლოგიური ბალანსის აღდგენის მიზნით რეკომენდაციები აქვთ შემუშავებული.

"საგულისხმოა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს პალიასტომის ეკოლოგიური ბალანსის აღდგენის რეკომენდაციები შემუშავებული აქვს, რაც ეტაპობრივად მსგავს შემთხვევებს შეამცირებს. ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული მასალის ლაბორატორიული დამუშავება გარემოს ეროვნული სააგენტოში", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ თევზების მასობრივად დაღუპვა მარტო პალიასტომზე არ ხდება. გასულ კვირას სამინისტრომ კრწანისის ტყეპარკში არსებული ტბების დაბინძურებაზეც გაავრცელა ინფორმაცია.

მათი ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების და ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტომასალის საფუძველზე, რომელიც კრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბებზე თევზის მასიურ კვდომას ეხებოდა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი ზედამხედვლეობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

"ტერიტორიის დათვალიერებისას დადგინდა, რომ ტყე-პარკში, სადაც 3 ტბაა (მრავალი მცირე ტბა) განთავსებულია საკანალიზაციო ჭები. კანალიზაციის სისტემა გამართულად მუშაობს, გარდა ტყე-პარკში გამავალი ერთი საგანალიზაციო მილისა, რომელიც არის ამოტეხილი. დაზიანებული მილიდან გადმოედინება წყლის ნაწილი და ხელოვნურად გაჭრილ დაახლოებით 20 მ სიგრძის არხით ჩაედინება ტბაში.

"ტყე-პარკში არსებული მილის ამოტეხვის ადგილიან და შუა ტბის ნაპირიდან აღებული იქნა საანალიზო წყლის ნიმუშები. პირველადი მონაცემებით, თევზების დაღუპვის მიზეზი ტბაში ჟანგბადის დონის დაბალი მაჩვნებელია", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ეს ტბები მდინარე მტკვრის წყლით არ ივსება და არც მისი წყლის ჩადინება ხდება მტკვარში.

"დათვალიერებული იქნა ყველა ტბის სანაპირო ზოლი. ვიზუალური დათვალიერებით არცერთი ტბის ნაპირზე არ შეინიშნებოდა დახოცილი თევზები, მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას არ დაფიქსირდა რაიმე სახის საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენების დაყრის კვალი, თუ არ ჩაითვლება რამდენიმე პოლიეთილენის პარკი და ბოთლი. საგულისხმოა, რომ ეს ტბები არ ივსება მტკვრის წყლით და ასევე, არ ხდება მდინარე მტკვარში ტბის წყლის ჩადინება. გარემოსდაცვითი ზედამხედვლეობის დეპარტამენტი მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს დაზიანებული მილის რეაბილიტაცია", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით "მთელ კვირას" გარემოს დაცვის სამინისტროდან განუცხადეს, ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს და პასუხები უახლოეს დღეებში იქნება.

"კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე მოგროვილი თევზები სპეციალისტებმა წაიღეს და ამ დროისთვის ლაბორატორიული შემოწმება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ლაბორატორიაში თვზების სიკვდილიანობის ზუსტი მიზეზი დგინდება. როგორც კი ლაბორატორიული დასკვნა დაიდება, რეაგირება დაუყოვნებლივ იქნება.

რაც შეეხება კრწანისის ტყე-პარკის ტბის დაბინძურებას, იქაც ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. ლაბორატორიულ კვლევას განსაზღვრული ვადები აქვს, ამიტომ ორივე შემთხვევაში პასუხი უახლოეს დღეებში იქნება", - განუცხადეს "მთელ კვირას" სამინისტროდან.

ეკოლოგები ჩვენთან საუბრისას ზემოთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკაშვირებით სხვადასხვა მოსაზრებებს აფიქსირებენ.

როგორც ეკოლოგი სოსო ცაბაძე განმარტავს, თუ ამ პრობლემებს ყურადღება დროულად მიექცევა, ყველაფრის მოწესრიგება შესაძლებელია.

"როგორც მოგეხსენებათ, პალიასტომის ტბაში ფსკერული დანალექებია. არ არის გამორიცხული, რომ სადღაც მეთანის გამოსვლას ჰქონდა ადგილი. ასეთი ფაქტები ხდება იქ, სადაც წყალი დაჭაობებულია. ამ ყველაფერს ჟანგბადი კომპენსაციას ვეღარ უკეთებს. რაც შეეხება კრწანისის ტყე-პარკს, ამ ყველაფრის პრევენცია რა თქმა უნდა, საკანალიზაციო მილის სწრაფი მოწესრიგებაა. მოსაწესრიგებელია ჩამდინარე წყლებიც. სანიაღვრე და საკანალიზაციო მილი ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს. უნდა ხდებოდეს წყლის მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდა.

თუ ეს ყველაფერი გამართული არ იქნება, არ არის გამორიცხული საკანალიზაციო სისტემა დაზიანდეს და წყალსატევ სისტემაში მოხვდება. ამ ყველაფრის შედეგის პროგნოზირება კი შეუძლებელი იქნება.

თუ ყურადღება დროულად მიექცევა ამ ყველაფერს, შესაძლოა ახალი ტექნოლოგიური სისტემის შექმნა. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ეს სერიოზული საფრთხეა, მაგრამ სერიოზული საფრთხის ინდიკატორი ნამდვილად არის", - განაცხადა სოსო ცაბაძემ.

მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე არ გამორიცხავს, რომ პალიასტომის ტბაში თევზის დახოცვის მიზეზი ბრაკონიერობა იყოს.

"ზოგადად პალიასტომის ტბაში წყლის დაბინძურების კუთხით ძალიან ცუდი სიტუაციაა. დაბინძურების შედეგად ძალიან ბევრი წყალმცენარეა და ზოგადად ამ კუთხითაც რთული მდგომარეობაა.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ პიროვნებამ წყალში თევზჭერის მიზნით მავნე ნივთიერება ჩაუშვა - ეს ჩემი დიდი ვარაუდია. კვლევის ჩატარება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. ამ ვითარების ასე გაგრძელება წარმოუდგენელია", - აღნიშნა რუსუდან სიმონიძემ.

ეკოლოგ ნინო ჩხობაძის თქმით კი, ამ ყველაფერს ანალიზის გაკეთება სჭირდება და უნდა დადგინდეს საქმე ბრაკონიერობასთან გვაქვს თუ არა.

"პალიასტომის ტბაზე შესაძლოა იყოს დინამიტი გამოყენებული, რომელიც თევზის მასიურ ხოცვას გამოიწვევდა. იმის დადგენას, რომ თევზი უჟანგბადობით დაიხოცა, ცოტა სპეფიციკური კვლევა სჭირდება. ეჭვი მაქვს, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით შესაძლოა ბრაკონიერობასთან გვქონდეს საქმე. თუმცა, ამას ვერ დავამტკიცებთ, სანამ სიტუაციას ბოლომდე არ გავარკვევთ. ბრაკონიერობის დროს თუ გინდა რომ ეს დაამტკიცო, პირი ფაქტზე უნდა დაიჭირო.

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბრაკონიერმა გააკეთა თუ რომელიმე საწარმომ. მე კონკრეტული მიზეზები უნდა ვიცოდე. სანამ დასკვნა არ დაიდება, ამ თემაზე საუბარი წინასწარ ძალიან მიჭირს.

თევზაობის დროს დენის გატარება და დინამიტის გამოყენება საქართველოს სენია. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია. მოსახლეობას მაინც მოსწონს ასე თევზაობა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ასე უფრო მეტი თევზი კვდება, ვიდრე ბუნებრივი პირობებით.

კრწანისის ტერიტორიასთან დაკავშირებით ჩვენ სიგნალები გვქონდა, რომ იქ დაჭაობება ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ დროს შესაძლოა ნაკლები ჟანგბადი იყოს. ორივე მომხდარ ფაქტზე ანალიზი უნდა გაკეთდეს", - განუმარტა "რეზონანსს" ნინო ჩხობაძემ.

ლიკა გურაბანიძე

გაზეთი "რეზონანსი"