"დღეს საქართველოს 9,000 მეზღვაური ჰყავს, რომელთაც ყოველწლიურად საშუალოდ 190 მილიონზე მეტი შემოსავალი შემოაქვთ"

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ საზღვაო ტრანსპორტის საკითხებში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოს - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების ტრანსპორტის მინისტრები.

„ფორუმის ჩატარებით, ჩვენ გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი ზღვაოსნობაში. გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს აქვს ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია და ჩვენ ის აუცილებლად უნდა აღვადგინოთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განცხადებით, დღეს საქართველოს 9,000 მეზღვაური ჰყავს, რომელთაც საშუალოდ ყოველწლიურად საქართველოში 190 მილიონზე მეტი შემოსავალი შემოაქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ საზღვაო ტრანსპორტის განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ფორუმის მსვლელობისას, საუბარი იქნება აღნიშნულ პესპერქტივებზე, ასევე ინვესტიციებზე, რომელიც სექტორის განვითარებისთვის უნდა იყოს მოზიდული და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არის ჩასატარებელი.