"არჩევნების შემდეგ საბანკო სექტორში კიდევ ერთი მსხვილი გარიგება იგეგმება"

"თიბისი ბანკის" მიერ "ბანკი რესპუბლიკას" შესყიდვის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე კიდევ ერთი სოლიდური გარიგება იგეგმება. ამჯერად საუბარია "ვითიბი ბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენაზე. კულუარული ინფორმაციით, ეს გარიგება სავარაუდოდ არჩვენების შემდეგ შედგება. "ლიბერთი ბანკში" ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი მოლაპარაკებები ორ ბანკს შორის არ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ "ვითიბი" რუსული "ვნეშტორგბანკის" შვილობილია, რომელიც თავის მხრივ რუსული სახელმწიფო ბანკია. რაც შეეხება "ლიბერთის", მისი სამართლებრივი მესაკუთრის საკითხზე სასამართლო დავა მიმდინარეობს.

დავით კიკვიძე, საბანკო პროდუქტების ექსპერტი: "გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნების მერე საბანკო სექტორში კიდევ ერთი მსხვილი გარიგება იგეგმება. საუბარია "ლიბერთი ბანკისა" და "ვითიბი ბანკის" გაერთიანებაზე. კონკრეტული დეტალები სამწუხაროდ უცნობია, თუმცა ამ თემაზე უკვე საუბარი დიდი ხანია მიდის. როგორც ცნობილია, "ვითიბი" დიდი ხანია დაინტერესებულია ლიბერთის ყიდვით, თუმცა ამ გაირიგების ბოლომდე მიყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ეხლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ ეს გარიგება მაინც შედგება. ამ გარიგების შედეგად საბანკო სექტორში გამოჩნდება მე-3 მსხვილი მოთამაშე, რომელიც უკვე სერიოზულ კონკურენციას გაუწევს "საქართველოს ბანკს" და "თიბისი ბანკს". როგორც ცნობილია, "ვითიბი ბანკი" მიმდინარე ეტაპზე ორიენტირებულია მცირე საშუალო და კორპორატიულ დაკრედიტებაზე, ხოლო "ლიბერთის" შეძენის შემთხვევაში, გამოდის რომ საცალო დაკრედიტებაზეც მოახდენს აქცენტირებას, რადგან "ლიბერთის" ძირითადად საცალო სესხების პოტფელი აქვს. ასეთ შემთხვევაში, საცალო დაკრედიტების მიმართულებით საბანკო სექტორში ის იქნება მესამე მსხვილი მოთამაშე, რომელიც გაზრდის კონკურენაციას და საცალო დაკრედიტების მიმართულებით, რამაც საპროცენტო განაკვეთების კლება უნდა გამოიწვიოს".

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოტორი: "თუ ამ ორი ბანკის გაერთიანება მოხდება, ეს მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება ფინანსურ ბაზარზე მესამე პოზიციის დასაკავებლად "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი ბანკის" შემდეგ. რა თქმა უნდა, მას ვერ ექნება ისეთი ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიც "სოსიეტე ჟენერალს", რომელიც გადის ქვეყნიდან, მაგრამ მათი გაერთიანება გაამძაფრებს კონკურენციას. "ლიბერთი" ფლობს ყველაზე დიდ ქსელს საქართველოში, მას აქვს სტაბილური სამომხმარებლო ბაზა პენსიების თვალსაზრისით და ა.შ. რაც შეეხება "ვითიბის" ის საკმაოდ აქტიურია საცალო და კორპორაციული სესხების თვალსაზრისით. შეგახსენებთ, რომ "ვითიბი" ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკის სამართალმემკვიდრეა, რომელიც თავის დროზე პირველ პოზიციაზე იყო საქართველოში. რუსული კაპიტალის დაბანდების შემთხვევაში, მოხდა დამატებითი რესურსების მობილიზება ამ ბანკში და მას შეუძლია საკმაოდ მძლავრი კონკურენციის გაწევა პირველ-მეორე პოზიციაზე მყოფთათვის. შესაძლოა არც "ჰუალინგ ჯგუფმა" დაყაროს ფარხმალი და "ბაზისბანკთან" ერთად რამე სხვა ბანკი შეიძინოს. ასეთი გადაადგილებები საქართველოს ფინანსურ სექტორში შესაძლოა საკმაოდ მძლავრი ბიძგი იყოს იმისთვის, რომ ამ სფეროში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის შემოსვლა იგეგმება და ეს გახდეს სიგნალი ადგილობრივი ბანკებისთვის შეამცირონ პროცენტები, დაკავდნენ არა მევახშეობით, არამედ გადავიდნენ განვითარების შემდეგ ეტაპზე, რაც ნიშნავს მაგალითად თუნდაც ბიზნესთან პარტნიორულ ურთიერთობას, ბიზნესიდეები დააფინანსოს, ამით იხეირონ და არა გირაოს მოთხოვნითა და მაღალი პრცენტებით".