რამდენად უსაფრთხოა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი საქართველოში

სიძველე, არაკომფორტულობა, ფანჯრებისა და კონდიციონერის არარსებობა, სისუფთავის პრობლემა და ფეხზე მდგომი მგზავრებით გადაჭედილი სამარშუტო ტაქსები -  ის ძირითადი პრობლემებია, რასაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოსარგებლე მგზავრები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი კი აცხადებს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უმეტესი ნაწილი გაუმართავია და შესაბამისად, მგზავრებისთვის უსაფრთხო არ არის. მისივე თქმით, ამ სფეროს რეგულირება-კონტროლი ქვეყანაში საერთოდ არ ხდება.

"არ მოწმდება თუ რამდენადაა სამარშუტო ტაქსები გამართული და იმის გამო, რომ ქვეყანაში ტექნიკური დათვალიერება არ ხდება, ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი მოძველებულია.

ამ ტრანსპორტით მგზავრობა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია, რადგან თითქმის ყველა საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაკეთებულია. კერძოდ, იმის გამო, რომ შედარებით იაფი ჯდება, მძღოლებს ან კომპანიებს შემოჰყავთ სატვირთო „მარშუტკები“, შემდეგ კი მათი კუსტარული წესით სამგზავროდ გადაკეთება ხდება", - აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი.

„თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ძველია და არანაირი კომფორტი არ არის. ზამთარში ცივა, ზაფხულში ისე ცხელა, შეიძლება გულიც კი წაგივიდეს. თანაც, ზოგიერთ სამარშრუტო ტაქსიში წესიერად ფანჯრებიც არ იღება. მართალია, ყვითელი სამარშრუტო ტაქსებიც მოძრაობს, რომელიც შედარებით ნორმალურია, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით,“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი მგზავრი მარტვილიდან.

ტრანსპორტის სიძველე და გაუმართაობა აწუხებთ კახელებსაც. თამთა, რომელიც კახეთიდანაა წარმოშობით და სწავლის გამო დედაქალაქში ხშირად მგზავრობს, ამბობს, რომ კახეთიდან თბილისში და პირიქით, საკმაოდ ძველი, გაუმართავი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც შიგნიდანაც არაკომფორტულია, მაგალითად, სკამები მოძველებული და ძალიან მოუხერხებელია.

იგივე პრობლემები აქვთ თიანეთში, მარტყოფში მცხოვრებ ადამიანებსაც.

ეკა ლალიაშვილის თქმით, მართალია, კანონმდებლობით დადგენილია, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ტექდათვალიერება უნდა გაიაროს, მაგრამ ეს არ ხდება.

"არსებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი უსაფრთხო არ არის, ამიტომ რომ გაკონტროლდეს და შემოწმდეს, შედეგად არცერთმა მათგანმა არ უნდა იმოძრაოს. სწორედ ამის გამოა, რომ ხელისუფლება ძალიან ფრთხილად არის ამ საკითხის მიმართ და მისი იგნორირება ხდება.

„გარდა ამისა, თვითონ ტრანსპორტის შიდა სალონში არ არის სტანდარტები დაცული. მაგალითად სავარძლები საკმაოდ ახლოს, ვიწროდ არის დამონტაჟებული, არის შემთხვევები, როცა სკამი არათუ დამონტაჟებული, არამედ უბრალოდ სავარძლებს შორის არის ჩადგმული, რაც ასევე ნორმის დარღვევაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამ მიმართულებით არის მძღოლების საკითხი, რაც ასევე ყოველგვარი რეგულაციისა და კონტროლის მიღმაა. არ ექცევა ყურადღება მათი დასვენების რეჟიმს. ამის გამოა, რომ ყოფილა შემთხვევები ავარიის მიზეზი მძღოლის გადაღლილობა, ყურადღების გაფანტვა გამხდარა. საერთოდ არ ექცევა ყურადღება როგორია მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ ხდება მათი ალკოტესტზე შემოწმება და ა.შ.,“ -ამბობს ლალიაშვილი.

რაც შეეხება გაზზე მომუშავე ტრანსპორტს, ეკა ლალიაშვილის თქმით, ამ ტიპის ტრანსპორტის ნაწილი გაზზეა გადაყვანილი, რაც ასევე რისკის შემცველია, რადგან საქართველოში კვალიფიციური ხელოსნების სიმცირეა, შესაბამისად არ ვიცით, რამდენად სწორად და ხარისხიანად ხდება მონტაჟი, ასევე არ ვიცით, რამდენად იცავენ გაზგასამართ სადგურებზე დამონტაჟებული ბალონის გაზით დატენვის ნორმებს. 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ორგანო ეკონომიკის სამინისტროში არსებული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა, სადაც „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, რომ ტრანსპორტის შემოწმება მხოლოდ საჩივრის საფუძველზე ხდება. თუმცა, ვერ აკონკრეტებენ რამდენი საჩივარი შესულა სააგენტოში, რამდენი სამარშუტო ტაქსია შემოწმებული, რამდენს აქვს მათგან ტექდათვალიერება გავლილი და შესაბამისად, რამდენია მგზავრებისთვის უსაფრთხო. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას რამდენიმე დღე სჭირდება.

რაც შეეხება, მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ ალკო-ტესტზე შემოწმებას, სააგენტოში ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ნორმა, რომელიც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის (საუბარია, სამარშრუტო ტაქსებზე, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავს) მძღოლებს რეისზე გასვლამდე მსგავსი შემოწმების გავლას ავალდებულებს.