საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის მილიარდიანი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მესამე ტრანშის გამოყოფაზე შეთანხმდა. საუბარია ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხაზე, რომელიც უკრაინას ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის მიზნით გადაეცემა.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, სავალუტო ფონდმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის მიუხედავად მიიღო, რომ კიევმა ტრანშის მისაღებად აუცილებელი რამდენიმე პირობა ვერ შეასრულა.

უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა დირექტორთა საბჭოს ყველა წევრმა, რუსეთის გარდა.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს შეფასებით, სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიო უკრაინაში მიმდინარე რეფორმებსა და პოზიტიურ ცვლილებებს აღიარებს.