დავით ნარმანია - კუს ტბის საბაგიროს აღდგენა  საცობების განტვირთვისთვის მნიშვნელოვანია

კუს ტბის საბაგიროს აღდგენა მნიშვნელოვანია კუს ტბის ასასვლელის საცობებისგან განტვირთვის და ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კუს ტბის საბაგირო წლების განმავლობაში იყო გაჩერებული.

„ჩვენ როგორც კი მოვედით, ტექნიკურად შევამოწმეთ ეს საბაგირო, მისი მოწყობილობები, მომზადდა პროექტი, გაიარა ექსპერტიზა და ამის შემდეგ დავიწყეთ მისი აღდგენითი სამუშაოები. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, ერთი მხრივ, კუს ტბის ასასვლელის საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი, ეკოლოგიური თვალსაზრისით. ასევე წლების განმავლობაში არსებობდა ტრადიცია, რომ ადამიანები მანქანებს ტოვებდნენ ქვემოთ ან მოდიოდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კუს ტბაზე საბაგიროთი ადიოდნენ. ასე რომ, ჩვენ ამ ტრადიციებსაც ვაბრუნებთ ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ