საქართველოში ამერიკულ დრამას იღებენ

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, მეოთხე პროექტი ხორციელდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტის, ამერიკული დრამის „კლოუნის“ გადაღებები საქართველოსა და ნორვეგიაში განხორციელდება და გადაღებების პროცესი 8 თვის განმავლობაში, 2016 წლის 8 აგვისტოდან, 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისისა და რუსთავის ტერიტორიები შეირჩა.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, ლილი კოლინსი ასრულებს. მხატვრული ფილმის რეჟისორი (Anthony Lucero) ქართულ საპროდიუსერო კომპანია „მისთი დონისთან“ აქტიურად ითანამშრომლებს.

ფილმის გადაღებების ფარგლებში საქართველოში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელშიც უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მსახიობები - ნუცა კუხიანიძე და ქეთი მჭედლიშვილიც მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში შემოსულია 5 აპლიკაცია, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 3 ფილმზე, ერთი ფილმის გადაღებებები მიმდინარეობს, ხოლო კიდევ ერთი ფილმის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 8 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.