დავით ნარმანია - 2014-16 წლებში თბილისში აშენდა 7 ახალი და აღდგა სამი საბავშვო ბაგა-ბაღი

2014-16 წლებში თბილისში აშენდა 7 ახალი და აღდგა სამი საბავშვო ბაგა-ბაღი. 2016 წელს ჯამში 10 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, მომდევნო წლისთვის მზადდება 13 ახალი საბავშვო-ბაღის პროექტი, შესაბამისად, სულ ქალაქს 30 ახალი ბაღი შეემატება.

„ეს სფერო განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება და ეს შემთხვევითი არაა. ჩვენი პატარებისთვის ხარისხიანი საბაზისო განათლების მიცემა მათ წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს. თბილისში წლების წინ დახურული ბაღების აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს. წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მიზეზით თბილისში 50-მდე ბაგა-ბაღი დაიხურა. მეორე წელია, თბილისში წლების წინ დახურული ბაღების აღდგენა მიმდინარეობს, პარალელურად შენდება ახლები, რეაბილიტაცია უტარდება ძველ შენობებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ბაგა-ბაღებში 1200-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 2016 წლის თებერვლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გაიზარდა. საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა.

„ყველა ახალი ბაღი ენერგოეფექტური და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეა მორგებული და მომავალშიც ასე იქნება. თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში დავამონტაჟეთ ცენტრალური გათბობის სისტემები; სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 145-მდე ბაღში; მოეწყო და განახლდა სველი წერტილები და სამზარეულოები. სპორტულ-გასართობი მოედნები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, მიმდინარეობს ავარიული ბაღების გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები. 41 საბავშვო ბაღის ძველ შენობაზე დამონტაჟდა პანდუსები. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში სრულად არის მოწესრიგებული ხარისხიანი და ჯანსაღი კვების საკითხი.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წლის 1 თებერვლიდან ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეციალური პედაგოგის შტატი თბილისის ყველა საბავშვო ბაღს დაემატა.

რაც შეეხება განათლების შემდგომ, უფრო მაღალ ეტაპებს, თბილისის მერის თქმით, მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები 2015 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიას იღებენ.

„ამგვარი წახალისება ჩვენი სტუდენტების სწრაფვას მეტი სწავლისა და მაღალი ქულების მიღებისკენ კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურება დაიწყო, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. ამ დროისათვის, 8 მიკროავტობუსი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა თბილისის მერმა.