ბათუმში წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, სამაშველო სამსახურში 70 შეტყობინება შევიდა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო სამაშველო სამსახურში 70 შეტყობინება შევიდა. როგორც გადაუდებელი სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, მოსახლეობა ძირითადად, დატბორვის გამო რეკავს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაიტბორა თავდადებულის ქუჩა და მისი გადამკვეთი ქუჩები. სანაპირო ზოლზე სიმშვიდეა.

ბათუმში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის როგორც ცენტრალურ, ასევე „ჭაობის დასახლების“ ქუჩებში გადაადგილება გართულებულია. წყლის სიმაღლე ზოგიერთ უბანში 30-40 სანტიმეტრამდე აღწევს. ხიმშიაშვილის, ინასარიძის, ბაგრატიონის, აღმაშენებლის და ჭაობის დასახლების თითქმის ყველა ქუჩა ნაწილობრივ დატბორილია.

წვიმის შედეგად დაგროვილმა წყალმა ზოგიერთი სარდაფი და პირველ სართულზე არსებული რამდენიმე ოფისი დატბორა. ბათუმში დილიდან წვიმს.