ვახტანგ რჩეულიშვილი - "ცენტრ პოინტში" მხოლოდ 5 თანამშრომელია

კომპანია ”ცენტრ პოინტის” თანამშრომლების უმეტესობა უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ”ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში ყოფნის გამო, კომპანია, პრაქტიკულად, პარალიზებულია და ვერ მუშაობს.

”საქმიანობა, პრაქტიკულად, ძალიან გაძნელებულია. პროექტები გაჩერებულია. ინვესტორები მაიასთან შეხვედრას ითხოვენ და არ ახვედრებენ. პროკურატურას ვთხოვეთ, რომ ინვესტორს მიეცეს მაიასთან, თუნდაც ციხეში შესვლის და მუშაობის საშუალება, ამაზეც უარი გვითხრეს. ერთადერთი, რაც გვაჩერებს, მაიას წინასწარი პატიმრობაა. ამჟამად ერთადერთ ობიექტზე მიდის მუშაობა, რომელის პროექტიც ხელმოწერილი იყო ჯერ კიდევ მაიას დაპატიმრებამდე. კომპანიაში ახლა მარტო 5 თანამშრომელია, დანარჩენები უხელფასო შვებულებაშია გაშვებული. ვხვდებით ინვესტორებს, ვათვალიერებინებთ ობიექტებს, თუმცა მაიას გარეშე ეს ყველაფერი დღეს ჩამკვდარია”, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

კომპანია ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთზე - ”ბათუმის მაგნოლიას” საქმეზე მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მასთან ერთად ასევე პატიმრობაში იმყოფება ”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი და ”ცენტრ პოინტ აჭარას” დირექტორი ირაკლი მინდელი.