კახეთში 32,2 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, 17 სექტემბრის, 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში უკვე გადამუშავდა 32,2 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, აქედან 14 ათასი ტონა რქაწითელი, 15 ათასი ტონა საფერავი, 1,4 ათასი ტონა კახური მწვანე და ასევე, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

„ყურძნის კრეფა აქტიურად მიმდინარეობს გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. განვლილ დღე-ღამეში მიმდინარე რთველის სეზონზე ყურძნის გადამუშავების ყველაზე მაღალი დღეღამური მაჩვენებლი - 4 540 ტონა დაფიქსირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე კახეთში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 27,3 მლნ-მდე ლარი მიიღეს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 10,9 ათასი ტონა, ყვარელი - 8 ათასი ტონა, სიღნაღი - 5,7 ათასი ტონა, თელავი - 5,5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,3 ათასი ტონა, საგარეჯო - 350 ტონა, ლაგოდეხი - 320 ტონა და ახმეტა - 170 ტონა.

”ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 138 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 53 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიებია, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი; საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.