საქართველოს მოქალაქეები ბელგიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უმრავლეს შემთხვევაში უარყოფით პასუხს მიიღებენ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, უმრავლეს შემთხვევაში უარყოფით პასუხს მიიღებენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2016 წლის 3 აგვისტოს ბელგიამ გამოაქვეყნა სია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების შესახებ, რომელშიც მოხვდა საქართველო.

”ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სრულად ინფორმირებული, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს საერთაშორისო არენაზე. გარდა ამისა, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარება ნიშნავს შემდეგს: ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ საქართველოში მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, უმრავლეს შემთხვევაში მიიღებენ უარყოფით პასუხს”, - აცხადებენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიაში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ბელგიის სამეფოს გარდა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც: საფრანგეთმა, ბულგარეთმა და ავსტრიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისია პრესკონფერენციას გამართავს.