„მაკდონალდსი“ შესაძლოა 500 მილიონი დოლარით დაჯარიმდეს

ლუქსემბურგში გადასახადების გადაუხდელობის გამო, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „მაკდონალდსი“ შესაძლოა, 500 მილიონი დოლარით დაჯარიმდეს.

The Financial Times-ის ინფორმაციით, 2009 წლიდან მოყოლებული, "მაკდონალდსმა" ლუქსემბურგში რესტორნების მუშაობის შედეგად მიღებული 1,8 მილიარდი დოლარიანი მოგების გადასახადის მხოლოდ 1,49% გადაიხადა.

იქიდან გამომდინარე, რომ ლუქსემბურგში სტანდარტული საგადასახადო პროცენტი 29,2%-ია, გამოცემის ცნობით, „მაკდონალდსი“ დაჯარიმდება და ჯარიმის სახით 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

თავის მხრივ, კომპანიაში განაცხადეს, რომ გადასახადებს კანონის შესაბამისად იხდიან.

„2011-დან 2015 წლის ჩათვლით კომპანიამ ევროკავშირში გადასახადების სახით 2,5 მილიარდი შეიტანა“, - აღნიშნეს „მაკდონალდსში“.

აგვისტოში ევროპულმა კომისიამ ირლანდიაში გადასახადების გადაუხდელობის გამო Apple რეკორდული თანხით - 13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.