ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 37,3 მლნ ევროს ოდენობის პროექტები დაამტკიცა

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებისთვის რამდენიმე პროექტი განხორციელდება, რომლისთვისაც ევროკავშირმა 37,3 მილიონი ევროს ბიუჯეტი დაამტკიცა. შესაბამისი ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ყველაზე დიდი თანხა, 20 მილიონი ევრო განკუთვნილია პროექტისთვის სახელწოდებით EU4Youth, რომლის ძირითადი მიმართულება ახალგაზრდების დასაქმებაა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის ინტეგრაცია მეორე პროექტია, რომლისთვისაც 6 მილიონი ევროა გამოყოფილი. მესამე მიმართულება კი შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში საზღვაო უსაფრთხოება და გარემოს დაცვაა, რისთვისაც 4 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსი მონაწილეობენ.