"წელს დაფიქსირდა საერთაშორისო მიგრანტების, ლტოლვილების გამაოგნებელი რაოდენობა"

საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა და ჩვენც გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები , მაგრამ ჩვენ მომავალშიც შევიტანთ წვლილს საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მიგრანტებისა და ლტოლვილების მასობრივი გადაადგილების მართვისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში, მაღალი რანგის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომლის თემა იყო დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ, სწორედ გაერო-ს ტრიბუნიდან დაიწყო 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება და დაიდო პირობა, რომ „უგულებელყოფილი არავინ იქნება“.

"ამ განცხადებით, გაერო-ს წევრმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება მიგრაციის კრიზისის შედეგებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე მილიონობით ადამიანი დატოვა უსახლკაროდ. მიუხედავად ამისა, იძულებით გადაადგილება ამის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა. წელს დაფიქსირდა საერთაშორისო მიგრანტების, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების გამაოგნებელი რაოდენობა - 300 მილიონი. ამ ფონზე, კონფლიქტები და მღელვარება აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში დღესაც იწვევს მასობრივ გადაადგილებას, ხოლო საზღვრების გადაკვეთისას დაღუპული მიგრანტების რიცხვი დღითი დღე იზრდება. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დგას საფრთხის წინაშე, რომ მათ უგულებელყოფენ",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილების ტვირთის სიმძიმეს საქართველოც განიცდის.

"90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის პირობებში რამდენჯერმე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა სულ ოთხ მილიონს შეადგენს. საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე მავთულხლართების განთავსების პირობებში მათი შინ დაბრუნების პერსპექტივა არცთუ ისე იმედისმომცემია. ამასობაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას. უბრალოდ დაუშვებელია ამაზე და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებზე თვალის დახუჭვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ უკვე მიიღო თავშესაფრის 4 000-ზე მეტი მაძიებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა შორისაა - უკრაინა, ერაყი, სირია, ეგვიპტე და სომალი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას ქართული უნივერსიტეტები სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობენ.

"ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ განათლების სფეროში დახმარების მიწოდებას დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ჩათვლით, რომლებსაც აქვთ ამ ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისი და სხვა საერთაშორისო უწყებები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა რეაგირება მოახდინონ მსხვერპლთა პრობლემებზე, მაგრამ სიტუაციის სიმძიმე ითხოვს კოორდინირებულ რეაგირებას, ვინაიდან დღევანდელი ვითარება უპრეცედენტოა.

"ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება იძულებით გადაადგილების მთავარ მიზეზებზე და უზრუნველვყოთ, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უფრო პრევენციაზე, ვიდრე რეაგირებაზე, ანუ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტების გამძაფრება და იძულებით გადაადგილების შემდგომი მოზღვავება. აქ კი მთავარი კითხვაა - საიდან დავიწყოთ? კონფლიქტების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. თუკი ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ყველა მხარემ დაიცვას კანონები და ზედმიწევნით შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მაშინ უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსკენ მიმავალი გზა ხსნილი იქნება და ჩვენ შევძლებთ კრიზისებისა და მასობრივი იძულებით გადაადგილების პრევენციას, რაც მილიონობით ადამიანს გადაარჩენს ტრაგედიისგან. მაისში, სტამბულის მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე ჩვენ დავდეთ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მათი პრობლემების უსაფრთხო, ღირსეული და გრძელვადიანი გადაწყვეტის გზების მოძიებისა და ახალი მიდგომის გამოყენების პირობა. შინ უსაფრთხოდ დაბრუნება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გარანტირებული უნდა იყოს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.