„ვითიბი ბანკი“ 5 მილიონი დოლარით დაჯარიმდა მაქინაციებისთვის

აშშ-ის სასაქონლე ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიამ (CFTC) რუსული „ვითიბი ბანკი“ და საინვესტიციო ბანკი „ვითიბი კაპიტალი“ ფიქტიური გარიგებებისთვის 5 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

CFTC-ის განცხადებით, 2010 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით „ვითიბი ბანკმა“ და „ვითიბი კაპიტალმა“ ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე 100-ზე მეტი სავაჭრო გარიგება განახორციელეს, რამაც ჯამში 36 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„საჭირო კაპიტალის არსებობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამო, რუსული ბანკი ვერ შეძლებდა საკუთარი სავალუტო რისკების ჰეჯირებას. ამიტომ „ვითიბის“ სავალუტო რისკები შვილობილ კომპანია „ვითიბი კაპიტალზე“ გადაჰქონდა ჩიკაგოს ბირჟაზე განხორციელებული ოპერაციის მეშვეობით. განხორციელებული გარიგებები იყო ფიქტიური“, - ნათქვმია CFTC-ის განცხადებაში.

კერძოდ, საუბარია ბანკის მიერ სავალუტო რისკების დაზღვევასა და კონტრაქტში მითითებულ ფასებზე, რომელიც საბაზრო რეალობას არ შეესაბამებოდა.