ჯორჯ სოროსი მიგრანტებისა და ლტოლვილების ბიზნეს იდეების დასაფინანსებლად 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

მსოფლიოს მასშტაბით მიგრანტებისა და ლტოლვილების დასახმარებლად, ამერიკელი მეცენატი ჯორჯ სოროსი 500 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

„ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს მიგრანტების და ლტოლვილების სტარტაპებში, მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებში, სოციალურ ინიციატივებსა და ბიზნესში. მიგვაჩნია, რომ ეს ინვესტიციები წარმატებული იქნება“, - ნათქვამია სოროსის განცხადებაში.

როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ინვესტიციები განხორციელდება ჯორჯ სოროსის კუთვნილი არაკომერციული ორგანიზაციების საშუალებით, ხოლო მიღებული შემოსავლით დაფინანსდება ფონდ „ღია საზოგადოების“ პროგრამები, რომელიც მიმართული იქნება მიგრანტებისა და ლტოლვილების დახმარებისკენ.

ამ ინიციატივის ფარგლებში, ჯორჯ სოროსი აპირებს თანამშრომლობას ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და სხვა.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 65,3 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, აქედან 21,3 მილიონი ლტოლვილი და 10 მილიონი მოქალაქეობის არმქონე პირია. ლტოლვილთა ნახევარზე მეტი სირიიდან, ავღანეთიდან და სომალიდან არის.

როგორც გაერო-ს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში ფილიპო გრანდი აცხადებს, ორგანიზაცია სოროსის ინიციატივას მხარს უჭერს, რადგან ლტოლვილები უზრუნველყოფილი უნდა იყონ განათლების და დასაქმების შესაძლებლობებით.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ჯორჯ სოროსის ქონება 25 მილიარდი დოლარია.