რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე?

მემკვიდრეობის გამო ოჯახური კონფლიქტები საკმაოდ ხშირია.

რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე და რატომ არის კანონის ცოდნა აუცილებელი, „ბიზნესპრესნიუსი“ ამ თემაზე ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ესაუბრა.

როდესაც ანდერძი არ არსებობს

ირაკლი უტიაშვილი: თუ ქონების მეპატრონემ ანდერძი დატოვა, მაშინ ყველაფერი ამ ანდერძის მიხედვით, მარტივად წყდება. უსიამოვნებები მაშინ იწყება, როდესაც გარდაცვლილ ნათესავს - დედას, მამას ან ახლობელს, ანდერძი არ აქვს დაწერილი. ასეთ დროს, ქონების გადასვლა სხვა პირებზე კანონის დაცვით უნდა მოხდეს. გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებს უფლება აქვთ მისი ქონება 6 თვის განმავლობაში მიიღონ. 6 თვე ერთგვარ ზღვრად არის მიჩნეული. ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი ნათესავისგან შორს ცხოვრობდა და მას იშვიათად ნახულობდა, მემკვიდრედ მაშინ ჩაითვლება, თუ სანოტარო ბიუროში შეიტანს განცხადებას მემკვიდრეობის მიღების შესახებ, ან მის განკარგვას შეუდგება. ის უნდა მიდიოდეს, უვლიდეს დატოვებულ ქონებას და აღიარებდეს, რომ ამ ქონებაზე პრეტენზია აქვს. დადგენილი 6 თვის გასვლის შემდეგ, ყველაზე ახლო ნათესავსაც კი, ქონების მიღების უფლება ერთმევა. პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილები, (მათ შორის ის, ვინც ქონების მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა) ასევე - მშობლები და მეუღლე. ეს ადამიანები თანაბარი უფლებით სარგებლობენ და მათ სრული უფლება აქვთ გარდაცვლილის ქონება თანაბრად გაინაწილონ.

როდესაც ქონების მეპატრონე მეუღლესთან გაყრილია

სადავო სიტუაცია იქმნება მაშინაც, როდესაც მამაკაცი (ან ქალი) პირველ მეუღლესთან გაყრილია და შვილები ორივე ქორწინებაში ჰყავს. ამ შემთხვევაში, მის ქონებაზე თანაბარი უფლებით სარგებლობენ შვილები და მშობლები. რაც შეეხება მეუღლეს, მხოლოდ ის არის მემკვიდრე, რომელთანაც გარდაცვლილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. აქ არ იგულისხმება საეკლესიო წესით ქორწინება. თუ ქორწინება სამოქალაქო წესით არ არის რეგისტრირებული, მეუღლეს მემკვიდრეობის მიღების უფლება არა აქვს. რაც შეეხება შვილებს, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ცოლისგან ჰყავს შვილი მშობელს - ყველა თანაბარი უფლებით სარგებლობს - ყველას აქვს უფლება მოითხოვოს მემკვიდრეობა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა.

რა ხდება „დაკარგული“ შვილის დაბრუნების შემთხვევაში

თუ გარდაცვლილს შვილებიც ჰყავს, მეუღლეც და მშობლებიც, მისი ქონება ყველაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს, რადგან ისინი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან. ხშირია შემთხვევა, როდესაც სრულიად მოულოდნელად, დაურეგისტრირებელ ქორწინებაში გაჩენილი შვილი გამოჩნდება ხოლმე, ე.წ. კანონიერ შვილებს მისი მიღება არ სურთ და არ მიიჩნევენ მას თანაბარუფლებიან მემკვიდრედ. მიუხედავად ნათესავების და დედმამიშვილების დამოკიდებულებისა, ის მაინც პირველი რიგის მემკვიდრეა, თუ გარდაცვლილი დაბადების მოწმობაში მის მამად (ან დედად) არის დასახელებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავდა მემკვიდრეობის მფლობელს ეს შვილი, თუ არარეგისტრირებული ქორწინებიდან. შეიძლება ის 10, ან 15 წლის შემდეგ გამოჩნდეს მის ცხოვრებაში, მაგრამ კანონის მიხედვით პირველი რიგის მემკვიდრეა და თავისუფლად შეუძლია წილის მოთხოვნა. ზოგჯერ სადავო ხდება ის ფაქტიც, მოულოდნელად გამოჩენილი პიროვნება გარდაცვლილის შვილია თუ - არა. ამ შემთხვევაში ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და თუ დნმ-ის ანალიზი დაამტკიცებს, რომ ეს მართლაც მისი ბიოლოგიური შვილია, ამ შემთხვევაშიც პირველი რიგის მემკვიდრედ ჩაითვლება. იგივე უნდა ითქვას შვილად აყვანაზეც: თუ ბავშვი თავის დროზე კანონით დადგენილი წესით არის ნაშვილები, მაშინ ის პირველი რიგის მემკვიდრეა და იგივე უფლებები აქვს, რაც ბიოლოგიურ შვილს უნდა ჰქონდეს.

ყველაფერი - ვაჟიშვილს (?)

საქართველოში არის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც დედ-მამის ქონება ვაჟს ეკუთვნის და ავტომატურად მის სახელზე გადადის. როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში ქალიშვილს ქონებას არ უტოვებენ, რაც კანონით გაუმართლებელია, რადგან კანონი არ არჩევს და ხაზს არ უსვამს შვილის სქესს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ის მამრობითი სქესისაა, თუ მდედრობითის. ეს ჩვენი, ქართული ტრადიციაა, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია, მაგრამ მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არა აქვს. ასევე არა აქვს კანონიერი საფუძველი ტრადიციას, რომლის მიხედვითაც სახლ-კარი და ქონება უმცროს შვილს ეკუთვნის. ყველა შვილს, მცირეწლოვანსაც კი, თანაბარი უფლება აქვს დედ-მამის დანატოვარი მემკვიდრეობა მიიღოს.

მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე რიგის მემკვიდრეები

მეორე რიგის მეკვიდრეები არიან გარდაცვლილის დები, ძმები, დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები. კანონის მიხედვით, მესამე რიგის მემკვიდრეებად მიჩნეულია ბებია და ბაბუა, ხოლო მეოთხე რიგის მეკვიდრეებად - ბიძები, დეიდები, მამიდები, მეხუთე რიგის მემკვიდრეებად კანონი ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს და მამიდაშვილებს აღიარებს. რა ხდება მაშინ, როდესაც გარდაცვლილმა არც ანდერძი დატოვა და არც ნათესავები ჰყავს? - ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა, რომლის დროსაც ყველაფერი ავტომატურად სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის.

ხათუნა ჩიგოგიძე