ბათუმის მერიამ შესაძლოა ქალაქში ორი დღის წინ გახსნილი თურქული სკოლის დემონტაჟი მოითხოვოს

თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხზე განმარტებებს აკეთებს. კონსულის განცხადებით, შენობა აშენდა ქველმოქმედი ბიზნესმენის მიერ და თუკი შენობის მშენებლობის პროცესში იყო ხარვეზები, გაირკვევა კომპანიის ხელმძღვანელებთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან.

მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ პროცესში არ ყოფილან ჩართულები და ეს ცალკე საკითხია, რომელიც გასარკვევია.

კონსულის განმარტებით, თურქეთის საელჩო ყველა საკითხთან დაკავშირებით კონტაქტზეა საქართველოს განათლების სამინისტროსთან და თურქული მხარის მიზანია, სკოლის მოსწავლეები დაეუფლონ ქართულ ენას. იასინ თემიზქანის განმარტებით, სკოლის ოფიციალური გახსნა იგეგმება, რაზეც მიწვეულნი იქნებიან საქართველოს მთავრობის წევრები.

"ჩვენი პრიორიტეტია სკოლამ იფუნქციონიროს და ბავშვებმა მიიღონ განათლება. ეს არ იყო ოფიციალური გახსნა. ჩვენ უბრალოდ შევეცადეთ სასწავლო წლის დაწყებამდე მოგვესწრო, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება სკოლის ოფიციალური გახსნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს მთავრობის კომპეტენტური პირები, ასევე, თურქეთის მხარე. ჩვენი საელჩო თბილისში კავშირზე იყო, მუშაობდა ამ პროცესზე საქართველოს განათლების სამინისტროსთან.

რა თქმა უნდა, იქნება ქართული ენის შესწავლა, ჩვენი მიზანია ამ სკოლის კურსდამთავრებულები სრულად ფლობდნენ ქართულ ენას და ასევე იცნობდნენ ადგილობრივ კულტურას, იმიტომ, რომ ამ ხალხმა უნდა შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი თურქეთსა და საქართველოს საზოგადოებას შორის", - აღნიშნა იასინ თემიზქანმა.

კონსულის თქმით, სკოლა თურქეთის მოქალაქეებს ემსახურება და სასწავლო დაწესებულებაში ამ ეტაპზე 170 მოსწავლე ირიცხება.

"2016 წლის 19 სექტემბერს გავხსენით თურქული სკოლა. ეს სკოლა ექვემდებარება თურქეთის საელჩოს თბილისში და მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება თურქეთის მოქალაქეებს. თურქეთის მოქალაქეების შვილებმა უნდა ისწავლონ ამ სკოლაში. 24 საკლასო ოთახია, 25 მასწავლებელთან ერთად დავიწყეთ სასწავლო პროცესი. პირველ ეტაპზე 170 მოსწავლეა, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით გარკვეულ პროცესს თვალყურს ადევნებდა თურქეთის საელჩო საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად. თურქეთს გააჩნია უამრავ ქვეყანაში სკოლები, რომლებიც თურქეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით, რომ საზღვარგარეთ ჩვენი სკოლების რაოდენობა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში ღრმავდება და განათლების სფეროშიც გვინდა გავაღრმავოთ ურთიერთობა. ასევე შესაძლებელია, რომ მომავალში თურქეთში გაიხსნას ქართული სკოლები, რომელიც მოემსახურება ქართველებს. რა ბრძანებასაც საელჩო გასცემდა, იმ დოზით ვიყავით საქმეში ჩართული", - აღნიშნა იასინ თემიზქანმა.

ბათუმის მერიამ შესაძლოა ქალაქში ორი დღის წინ გახსნილი სკოლის დემონტაჟი მოითხოვოს. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, სკოლის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვა არ გაუციათ. მათივე განმარტებით, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის ბოლოს 9 000 ლარით.

ახალი სკოლა, რომელიც თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული, ბათუმში ორი დღის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან. სწავლება თურქულ ენაზე მოხდება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება. როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ისინი ინფორმირებული არ ყოფილან.