ლევან დავითაშვილი - შარშანდელთან შედარებით წელს ყურძნის მოსავალი ნაკლებია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, უკვე გადამუშავებულია 55 000 ტონაზე მეტი ყურძენი.

მისივე ინფორმაციით, რთველის პროცესი წელს ძალიან ორგანიზებულად და ეფექტურად წარიმართა.

”შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკს ალბათ გადავცდით, რთველი ნელ-ნელა დასრულებისკენ წავა. ვფიქრობ, რთველის პროცესი წელს ძალიან ორგანიზებულად და ეფექტურად წარიმართა. ყურძნის ძირითადი ინდუსტრიული რაოდენობა კახეთშია, თუმცა ოქტომბერში რთველი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გრძელდება. ვფიქრობ, ყურძნის წლევანდელი ფასი მევენახეთათვის აბსოლუტურად მისაღებია, ამავე დროს ის ითვალისწინებს ინდუსტრიაში არსებულ ინტერესებს. ეს არის საკმაოდ დიდი სტიმული, რომ საქართველოში მევენახეობის განვითარება გაგრძელდეს. რაც შეეხება მოსავლის რაოდენობას, ვფიქრობთ, შარშანდელთან შედარებით წელს მოსავალი ნაკლებია, თუმცა 100 000 ტონამდე ყურძნის გადამუშავება მაინც მოსალოდნელია”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.