სოფელ დუზაგრამას მოსახლეობა გასხვისებული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამას მოსახლეობა გასხვისებული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს.

ადგილობრივების ინფორმაციით, იმის გამო, რომ მათ საკუთრებაში არსებული საძოვრები გაიყიდა, სოფელში პრობლემებია, რადგან სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს. მათივე თქმით, პირუტყვი გამოსაკვებად სხვა სოფლის საძოვრებზე მიჰყავთ. ისინი დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.

როგორც სოფელ დუზაგრამაში ამბობენ, იმ შემთხვევაში თუ არსებული პრობლემები არ მოგვარდება და დეპუტატი არ დაეხმარებათ, არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

როგორც საგარეჯოს გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა განაცხადა, ის საკითხის შესწავლის პროცესშია და ამ დროისთვის დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

"მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ჩემი ხელმოწერით აქ არაფერი გასხვისებულა, ამ ეტაპზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, დამიკავშირდით რამდენიმე დღეში და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას", - განაცხადა გზირიშვილმა.