სოფლის მეურნეობის სამინიტროს კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზაზე საგაზაფხულო ხორბლის ჯიშის გამოცდა დასრულდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლოჯისტიკურმა კომპანიამ სამცხე-ჯავახეთში ელიტური საგაზაფხულო ორთესელა ხორბლის პირველი მოსავალი მიიღო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ხორბლის ჯიში (აფინა) უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. კერძოდ, თუ ფერმერს კლიმატური პირობების გამო საშემოდგომო ნათესი დაუზიანდება, მას გაზაფხულზეც შეუძლია ხორბლის დათესვა და მოსავლის მიღება.

საგაზაფხულო ორთესელა ხორბლის ჯიშის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 3 - 5 ტონაა. საგაზაფხულო ხორბლის მარცვლიდან სათესლე მასალა დამზადდება, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გავრცელდება. აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა რეგიონი მაღალხარისხიანი საგაზაფხულო და საშემოდგომო სათესლე მასალით მომარაგდეს.

სამცხე-ჯავახეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზაზე, მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის მიერ საგაზაფხულო ერთწლოვანი კულტურების მოსავლის აღება-დაბინავება მიმდინარეობს.

მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია ერთწლოვანი კულტურების ჯიშთა გამოცდას საქართველოს 6 რეგიონში ახორციელებს. წელს სრულდება გამოცდის სამწლიანი კურსი, რომლის შედეგადაც, რეგიონების მიხედვით გამარჯვებული საშემოდგომო და საგაზაფხულო ერთწლოვანი კულტურების ჯიშები გახდება ცნობილი. მოგვიანებით მათ სამეწარმეო ტერიტორიაზე გადაიტანენ და ფერმერებს მაღალხარისხოვან სათესლე მასალას მიაწოდებენ.

”აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონს წარმოადგენს, სადაც ეკოლოგიური და ნიადაგურ-კლიმატური პირობები მრავალი კულტურის, მათ შორის, მარცვლეულის, როგორც სასურსათო-სამეურნეო, ასევე ხარისხოვანი, ჯანსაღი სათესლე მასალის წარმოების საშუალებას იძლევა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.