22 სექტემბერს მსოფლიოში „დღე მანქანის გარეშე“ აღინიშნება

22 სექტემბერს მსოფლიოში აღინიშნება „დღე მანქანის გარეშე“.სოციალური ჯგუფი „გული თბილისისათვის“ მოუწოდებს თბილისელებს, შეუერთდნენ ამ დღეს, დატოვონ საკუთარი ავტომობილები სახლში და იარონ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

”წელს ეს დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება - მას 51 ქვეყანა და 2395 ქალაქი უერთდება. „გული თბილისისათვის“ ინიციატივა - „დღე მანქანის გარეშე - თბილისი“ კი, ევროკომისიის ინიციატივის მიერ პირველი რეგისტრირებული აქციაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. თბილისში ამ დღის აღნიშვნით ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას, ქალაქის განვითარების თემებზე საზოგადოებრივი დისკუსიის გაძლიერებას და საჭირო რეფორმების გასატარებლად პოლიტიკური ნების ფორმირებას. მოვუწოდებთ თბილისებს, საჯარო, არასამთავრობო და კერძო უწყებებს, შემოგვიერთდნენ 22 სექტემბერს”, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.

”მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას 3-ჯერ აღემატება. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია, რაც ჩვენს ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის”, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.