ლარი მხოლოდ "მაღაზიის ვალუტაა"

სებ-ის მცდელობა დოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით მოკლევადიანი აღმოჩნდა. ორგანიზაციების ნაწილი ეროვნულ ვალუტაში მსხვილ გარიგებებს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდნენ, შემდგომ კი ისევ დოლარზე გადავიდნენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ლარი დღესაც მხოლოდ გადასახადების გადახდისთვის და პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენისთვის გამოიყენება. ეკონომისტები თვლიან, რომ ლარიზაციის მცდელობა სამომავლოდაც უშედეგო იქნება, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკა ამის საშუალებას არ იძლევა.

საქართველოში ყველა ძვირად ღირებული ოპერაცია დოლარში ხორციელდება: ბინები და ავტომანქანები დოლარში იყიდება, დოლარშივე ქირავდება საცხოვრებელი და საოფისე ფართები, უცხოურ ვალუტაში იდება ყველა მნიშვნელოვანი გარიგება. არადა, კანონმდებლობით, ქვეყანაში ერთადერთი საგადამხდელო ვალუტა ლარია. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკი დოლარის მიმოქცევას ზღუდავდეს ქვეყნის შიგნით და კანონს იცავდეს, ხელს უწყობს უცხოური ვალუტის ყველა მხრივ გავრცელებას. ამას ემატება ლარის დევალვაციაც და საბოლოო ჯამში მისდამი ნდობა სულ უფრო ეცემა.

2015 წლის ბოლოსთვის საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტი თითქმის 70%-მდე ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ყველა წამყვანმა ბანკმა ლარში სარგებელი რამდენჯერმე გაზარდა, ეროვნულმა ვალუტამ ნდობა მაინც ვერ მოიპოვა. ლარში განთავსებული დეპოზიტების საშუალო განაკვეთი 11,9%-ია, უცხოურ ვალუტაში - 4,4%. მიუხედავად ამისა, დანაზოგი მაინც უცხოურ ვალუტაში კეთდება.

2014 წელს, ვიდრე საქართველოში სავალუტო კრიზისი დაიწყებოდა, დოლარიზაციის მაჩვენებელი 60% იყო. კრიზისის პერიოდში კი ხალხმა საკუთარი დანაზოგი ამერიკულ ვალუტაში გადაიტანა და დოლარიზაციის მაჩვენებელიც გაიზარდა.

უკვე შემდგომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ დაიწყო აქტიური პროპაგანდა ლარიზაციის გაზრდასთან დაკავშირებით და მოკლევადიან პერიოდში მცირე შედეგიც მიიღო. მაგალითად, ზოგიერთმა კომპანიამ ქვეყნის შიგნით მსხვილი გარიგებების დადება ლარში დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით სტრატეგია შეცვალეს და ისევ დოლარს მიუბრუნდნენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სებ-ის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ლარმა ნდობა ოდნავადაც ვერ დაიბრუნა.

ყოველ წელს, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის და წერს დასკვნას, იქ მიუთითებს, რომ ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებელი უნდა შეამციროს. იქვე აღნიშნულია, რომ სებ-ი სსფ-ს ამის გაკეთების პირობას აძლევს. ასე გრძელდება უკვე 7 წელია, მაგრამ ეროვნული ბანკი ამას ვერ აკეთებს. მართალია, მცდელობა აქვს, თუმცა უშედეგო.

"დოლარიზაცია ძალიან ცუდია, რადგან ამ დროს ქვეყნის ეკონომიკა და ლარიც ხდება ზედმეტად მგრძნობიარე გარე შოკის მიმართ. იგი დიდად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნების ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ფაქტობრივად, ლარი როგორც სრულფასოვანი ვალუტა, არ არსებობს იმიტომ, რომ მას ფულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - დაგროვების ფუნქცია - არ გააჩნია. ხალხი დანაზოგს უცხოურ ვალუტაში ინახავს", - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ზვიად კანდელაკმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდეს, სებ-მა კომერციულ ბანკებს და სხვა ყველა კრედიტორს უნდა აუკრძალოს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა, თუკი იგი არ ემსახურება ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებს.

დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებას ეროვნული ბანკის პრეროგატივად მიიჩნევს საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძეც, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დოლარიზაციის შემცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.

"იმისათვის, რომ დოლარიზაცია შევამციროთ და ლარი გახდეს უფრო მიმზიდველი, ქვეყანაში უნდა არსებობდეს დიდი და ძლიერი ეკონომიკა, რაც საქართველოს არ გააჩნია. ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, ვერასდროს შეძლებს, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი იყოს მცირე. შეიძლება დოლარიზაცია გარკვეულწილად შევამციროთ, მაგალითად, 60%-მდე, მაგრამ უფრო მეტად ვეღარ მოხერხდება, ეს ჩვენ ძალებს აღემატება. ასეთი რამ სებ-მა მიზნადაც კი არ უნდა დაისახოს, რადგან მისი მიღწევა შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა თუთბერიძემ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშივლის თქმით, მართალია, კანონმდებლობით ერთადერთი საგადამხდელო საშუალება ლარია, თუმცა ამის პრაქტიკაში განხორციელება ვერ ხერხდება.

"ჩემი აზრით, აქ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა კარგი არ იქნება, შეიძლება გარკვეული შედეგი მოიტანოს, მაგრამ ეკონომიკას დააზარალებს. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ლარი უფრო მიმზიდველი გახდეს როგორც ბიზნესმენებისთვის, ასევე ბანკებისთვის. ამის ყველაზე მარტივი ხერხი არის სტაბილური ეროვნული ვალუტა. როდესაც ლარის კურსი იყო სტაბილური, დოლარიზაცია მცირდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლარი სწრაფად გაუფასურდა, დოლარიზაციაც გაიზარდა.

თუ ეროვნული ბანკი იმას უზრუნველყოფს, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური, ეს დოლარიზაციას შეამცირებს. აქამდე სებ-მა რაღაც ნაბიჯები გადადგა, კერძოდ, ლარში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სავალდებულო რეზერვები შეამცირა, დოლარში კი გაზარდა. ასეთი ნაბიჯებით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. ლარი უნდა გახდეს ღირებული და მიმზიდველი ვალუტა როგორც ხალხისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ჩვენ თუ იმაზე ვიზრუნეთ, რომ რაღაც რეგულაციებით შევამცირეთ დოლარის მოხმარება, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ", - განუცხადა "რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.

დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება და შესაბამისად, ეროვნული ვალუტისთვის დაკარგული ნდობის აღდგენა ძალიან რთული იქნება, ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ამ კუთხით არანაირი პერსპექტივა არ ჩანს.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"