საქართველოში ავსტრიის საელჩო გაიხსნა

საქართველოში ავსტრიის საელჩო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, ელჩი მიხაელ ლინჰარტი დაესწრო, რომელიც თბილისში სწორედ აღნიშნული მიზნით ჩამოვიდა. საელჩოს გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, მის ფარგლებში ელჩი ლინჰარტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებთან, ასევე ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM ადგილობრივ ოფისს მცხეთაში და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს დაათვალიერებს.

”ავსტრიის საელჩოს გახსნა საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას. მისიის ხელმძღვანელი იქნება ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, არად ბენკო”, - აცხადებენ საელჩოში.