კახეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა

კახეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ამის მიუხედავად, მისივე თქმით, სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა და კახეთის არცერთ რაიონში ყურძნის მოსავალი არ დაზიანებულა.

”ქალაქ გურჯაანში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ, მრავალბინიან შენობას გადახადა სახურავი. გუშინვე მივიდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. ლაგოდეხის რაიონში არის კიდევ რამდენიმე კერძო სახლზე დაზიანებული სახურავი და იქაც, მუნიციპალიტეტი თავისი ძალებით გადახურავს დაზიანებულ სახლებს. ასევე ყვარელში, ნუკრიანსა და ჩალაუბანში იყო ხეები წაქცეული, ტოტები მოტეხილი, ყველა სამუშაო გუშინვე, ოპერატიულად შესრულდა და მაგისტრალზე მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო გადაკეტილი”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.