რა ქონების მფლობელია განათლების მინისტრი?

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას წლიურმა შემოსავალმა შარშან 215 740 ლარზე მეტი შეადგინა.

მინისტრის მიერ 2016 წლის 26 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მონაცემებით, ჯეჯელავას სახელზე „თიბისი ბანკში“ ანაბარზე საერთო ჯამში 19 189.67 აშშ დოლარი და 4 445.41 ლარია, სახელფასო ანგარიშზე – 5 569 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე – 534.59 აშშ დოლარი, საკრედიტო ანგარიშზე კი – 134.44 აშშ დოლარი.

უძრავი ქონების სახით მინისტრის საკუთრებაშია 95 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში. მოძრავი ქონების სახით კი 2 მსუბუქი ავტომანქანა - 2010 წლის Hyundai ix35 და 2000 წლის Suzuki Grand Vitara.

მისი მეუღლის ნატალია მუხადგვერდელის სახელზეა რეგისტრირებული ანაბრის სახით 615.56 ლარი, სახელფასო - 103.45 ლარი და 56.62 ევრო.

უძრავი ქონების სახით მინისტრი მეუღლე ბათუმში 45 კვ. მეტრი ფართობის ბინას ფლობს.

ალექსანდრე ჯეჯელავას საკუთრებაშია ასევე ნაღდი ფული 9 500 ლარის ოდენობით, მისი მეუღლის საკუთრებაში კი 1 500 ევროა.

დეკლარაციის თანახმად, „მართვის აკადემია“ თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავამ შემოსავლის სახით  200 859.52 ლარი მიიღო. ტრენერის რანგში კი „თიბისი ბანკში“ ანაზღაურების სახით 3 820 ლარი; კვლევითი ცენტრი „პი ემ სი“-ში - 2 000 ლარი; „ჯეოსელში“ - 1 781 ლარი; შ.პ.ს. „ტრენდსეტში“ - 2 800 ლარი; შ.პ.ს. „ორიენტ-ლოჯიკში“ - 3 280 ლარი; სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ - 1 200 ლარი მიიღო.

ნატალია მუხადგვერდელის 2015 წლის შემოსავალი (1 იანვრიდან -31 დეკემბრის ჩათვლით) კი 23 512.50 ლარი იყო „მართვის აკადემიის“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

ასევე მინისტრის სახელზეა რამდენიმე რეგისტრირებული სესხი. კერძოდ, იპოთეკური სესხი 65 000 ლარის ოდენობით, რომლის საფუძველზეც მინისტრის წლიური გასავალი 13732.07 ლარი იყო. ალექსანდრე ჯეჯელავას სახელზეა ასევე იპოთეკური სესხი, რომელიც ორი იპოთეკური სესხის გაერთიანებით წარმოიქმნა და 46 300 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მინისტრს 13 000 დოლარიანი სამომხმარებლო სესხი აქვს, 13 000 დოლარი კი მან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „აი-ბი-ეფ“ 18 თვის ვადით ასესხა.

გარდა ამისა, გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, განათლების მინისტრმა შვილის, მაია ჯეჯელავას სწავლის საფასურის სახით 4 700 ლარი, ხოლო წყალტუბოში სასტუმროს გადასახადის სახით 2 116.59 ლარი გადაიხადა.

თაია არდოტელი