კახეთის რეგიონში გუშინ მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა

კახეთის რეგიონში გუშინ მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა. როგორც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ”დელტაში” განაცხადეს, 21 სექტემბრის 15:00 საათიდან „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა კახეთის რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემომავალი ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბელი. 16:15 საათისთვის ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონები.

სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო.

16:19 საათიდან 18:27 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ყვარელის და სიღნაღის რაიონების თავზე 1400 კმ2 ფართობის მქონე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილ იქნა 150 რაკეტა.

ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე წვიმის სახით ჩამოიშალა.