პეკინი თბილისის მიმართულებით დღეიდან რეგულარული რეისები განხორციელდება

„ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ დღეიდან, ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, ფრენა კვირაში ორი სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ”ბოინგ-737-800” ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ახალი მიმართულების გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ დღეს, აეროპორტის ტერმინალის შენობაში მიღებას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ურუმჩი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 21:45 საათზე დაეშვება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საავიაციო უწყებების (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, შპს „საქაერონავიგაცია“) ხელმძღვანელი პირები, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების“ მესვეურები და სხვა მიწვეული სტუმრები.