ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი დღეს მოეწერება

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საფრანგეთში იმყოფება, სადაც დღეს, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოაწერს ხელს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ამით დასრულდება 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს - ქართველ ხალხს დაუბრუნდება.

მათივე ინფორმაციით, 25-წლიანი პროცესის საბოლოო აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ხოლო ფრანგული მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს.

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.