რა ღირს ბინები თბილისში და რომელია გაყიდვებში ლიდერი უბანი?

ბინების გაყიდვის კუთხით, თბილისში ძირითადად ორი უბანი ლიდერობს - ცენტრალური უბნებიდან საბურთალო, გარეუბნებში კი ვარკეთილი. უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების თქმით, მიმდინარე წელს ბინების ღირებულებამაც დაიკლო და მოთხოვნაც საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge-ს დამფუძნებელმა ნელი გოგუაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, მათთან მოთხოვნა უმეტესად დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე ბინებზეა, მათ შორის კი საბურთალო ლიდერობს. რაც შეეხება გარეუბნებს, ამბობს, რომ ყველაზე მეტი ბინა ვარკეთილსა და დიდ დიღომში იყიდება.

"წელს ახალი ტენდენცია წამოვიდა და მოთხოვნა ახალ აშენებულ ბინებზე უფროა, ვიდრე ძველზე. გასულ წელთან შედარებით ზოგადად მოთხოვნამ იმატა. ხოლო მიმდინარე წელს, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ბინებზე ივლის-აგვისტოში იყო,"- აღნიშნა გოგუაძემ.

რაც შეეხება ფასებს, გარეუბნებში კვ.მეტრი შავი კარკასი 400 დოლარი ღირს, თეთრი კარკასი კი 500-570 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო თუ ბინა გარემონტებულია კვ.მეტრის ფასი 600 დოლარიდან იწყება.

საბურთალოზე კარკასების ფასი 750 - 800 დოლარიდან იწყება. არის ბინები, სადაც კვადრატული 1000 დოლარიც ღირს.

ბინების გაყიდვის კუთხით დედაქალაქის ყველაზე მოთხოვნად უბნად საბურთალოს ასახელებს განცხადებების პორტალის saqme.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული, რომელიც AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ არანაკლები მოთხოვნაა გარეუბანში - ვარკეთილში, გლდანსა და ვაზისუბანში მდებარე ბინებზეც.

მისივე ცნობით, ბინების ფასმა შედარებით დაიკლო და მათთვის, ვისაც ფული დოლარში აქვს, ბინის შესაძენად ხელსაყრელი დროა.

"წინა წლებში წარმოუდგენელი იყო 20 ათასად გეყიდა ერთოთახიანი ბინა, ახლა კი შეიძლება 17-18 ათასადაც კი იყიდო, თუმცა ეს ძირითადად გარეუბნებში. აღსანიშნავია, რომ წელს ზოგადად, გაყიდვებმა მოიმატა, მაგრამ ამის მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება" - აღნიშნა არაბულმა.

შესაბამისად, ბინების გაყიდვის კუთხით, თბილისში რამდენიმე "ლიდერი" უბანი გამოიკვეთა. ესენია:

1. საბურთალო

2. ვარკეთილი

3. დიდი დიღომი

4. გლდანი

5. ვაზისუბანი

თაია არდოტელი

AMBEBI.GE