ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს?!

საარჩევნო კამპანია დაიწყო თუ არა, პოლიტიკური პარტიებისთვის გადარიცხული შემოწირულობების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. ვინ არიან პოლიტიკური პარტიების დამფინანსებლები, რა ინფორმაციას მალავენ­ ისინი და რატომ იბარებს ზოგიერთ მათგანს სახელმწიფო აუდიტის სამსახური?! ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ზურაბ აზნაურაშვილს დაუკავშირდა:

- ჩვენ ვსწავლობთ ინფ­ორმაციას თითოეული ფიზ­იკური თუ იურიდიული პირის შესახებ, ვინც კი თანხას ურიცხავს პოლიტიკურ პარტიებს. მათ შესახებ ინფორმაციას ვთხოვთ შემოსავლების სამსახურს, მონაცემებს ვაანალიზებთ და ამის მიხედვით ვწყვეტთ, ვინ დავიბაროთ და­კითხვაზე. თუ დაზუსტდა, რომ შემოწირულობა უკანონოა, შემომწირველი არაკანონიერად გაღებული თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარ­იმდება. ჯერჯერობით­ 80 შემომწირველიდან ხუთი დაჯარიმდა, დანარჩენებზე კი მოკვლევა მიმდინარეობს. ამ 80 ფიზიკური პირიდან (რომლებმაც პარტიებს თანხა ივნისის თვეში ჩაურიცხეს) 33 შემწირველია პარტიისა "სახელმწიფო ხალხისთვის", 20 - "ქართული ოცნების", 15 - "პატრიოტთა ალიანსის", ორი-სამი - "ნაც­იონალური მოძრაობის" და ა.შ. ამასთან, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ორი ოქმი უკვე შევადგინეთ.

- რა გახდა ამის მიზეზი?

- "ქართული ოცნების" წარმომადგენ­ელმა რიმა ბერაძემ, რომელიც საკრებულოში­ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა, უხელმძღვანელა საქველმოქმედო აქციას, რომელიც პედაგოგების უფასო სამედიცინო გამოკვლევას ითვალისწინებდა. ამ საქმეში ჩართული­ იყო "ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალიც". მათი ღონისძიება არაფულად შემოწირულობად ჩაითვალა, რაც დეკლარირებული არ იყო, პარტიამ კი წინასაარჩევნო პერიოდში სარგებელი მიიღო...

დაჯარიმდა ფიზიკური პირი, რომე­ლსაც უნდოდა, "პატრიოტთა ალი­ანსის­თვის" 150.000 ლარი შეეწირა, დადგენილი წესის მიხედვით კი 60.000-ზე მეტი ლარის შეწირვა არ შეეძლო. ამიტომ მან 90.000 ლარი თავის ძმას და მეუღლეს გაუნაწილა და თანხა ამგვარად გადარიცხა. იგი 180.000 ლარით დაჯარიმდა. ასევე დაჯარიმდა ოთხი ფიზიკური პირი. მათ პარტიას­ "სახელმწიფო ხალხისთვის" 5-5 ათასი ლარი შესწირეს, მაგრამ გავარკვიეთ, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ სტაბილური სამსახური, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასევე, ლომბარდების ფული ემართათ (400-500 ლარის ოდენობით), შესაბამისად, ისინი არაუფლებამოსილ შემომწირველებად ჩაითვალნენ და თითოეული 10.000 ლარით დაჯარიმდა.

ამჯერად დაკითხვაზე 44 ფიზიკური პირი გვყავს დაბარებული. მათ სხვადასხვა პარტიას ფული ივლისში გადაურიცხეს. ამ 44-დან 33-მა თანხა "ქართულ ოცნებას" შესწირა, 4-5-მა - პოლიტიკურ მოძრაობას­ "სახელმწიფო ხალხისთვის", 2-3-მა კი - "პატრიოტთა ალიანსს"...

- იურიდიული პირები თუ დააჯარიმეთ არასწორად განხორციელებული შემოწირულობების გამო?

- ჯერჯერობით არც ერთი იურიდიული­ პირი დაჯარიმებული­ არ არის, თუმცა ვსწავლობთ მო­ნაცემებს - რა მოგება აქვს ამა თუ იმ შპს-ს, აქვს თუ არა საკმარისი შემოსავალი, სახელმწიფო ტენდერების გზით მიღებულ ფულს ხომ არ სწირავს პარტიას...

ნატალია ხოხიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე: - კარგად გვახსოვს პერიოდი, როცა ბიზნესმენებს ე.წ. სტავკები ჰქონდათ და ფულს მხოლოდ მმართველი პარტიისთვის იმეტებ­დნენ. ერთი შეხედვით, ამ მხრივ მდგომარეობა­ არ შეცვლილა. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში მიკრო­საფ­ინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტმა" მმართველი პარტიის ანგარიშზე 120.000 ლარი გადარიცხა. იმავე ოდენობის თანხა გადარიცხეს შპს ჯი-ემ-პი-მ, შპს ,,გაგრამ+", შპს ,,ნიუ ჯორჯია-555"-მა. შპს "პრაიმმა" გადარიცხა 100.000 ლარი, შპს DAR BUILDING -მაც - 100.000 ლარი, შპს ვი-აი-პი-მ - 80.000, შპს ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" კი 30.000 ლარი. მმართველ პარტიას თანხა გადაურიცხა თემურ ჭყონიას სხვა კომპანიებმაც: შპს "თ.რ დისტრიბუშენ"-მა - 15.000 ლარი, შპს "თ.რ დისტრიბუშენ აჭარამ" - 10.000 ლარი, შპს "თ.რ დისტრიბუშენ იმერეთმა" - 5.000 ლარი (არადა, ეს უკანასკნელი "ნაცმოძრაობის" დამფინანსებელიც იყო).

ამ ფონზე უმნიშვნელო ჩანს იურიდიული პირების მიერ სხვა პარტიებისთვის გადარიცხული თანხები. მაგ.: ს/ს ფოთის ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელმა ქარხანამ 600 ლარი გადაურიცხა ,,ეროვნულ ფორუმს", შპს ,,ციტადელმა" - 10.000 ლარი ,,გირჩს" და შპს "ვითამ" - 500 ლარი ,,ეროვნულ ფორუმს".

შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ბიზნესმა ამოისუნთქა და მათ თვითონ აქვთ მმართველი­ პარტიის დაფინანსების სურვილი, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ბიზნესმენები სხვა პარტიების დაფინანსებას ვერ ბედავენ.

თვალში მომხვდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტის" მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული 120.000 ლარი. ამ ორგანიზაციის 40%-იანი წილის მფლობელი­ (ოფიციალურად) "ქართული ოცნების" სიის 26-ე ნომერი ისკო დასენია, რომელსაც, ჩემი ინფორმაციით, მფარველობს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე.­

უცნაურია, როცა "წარმატებული ბიზნესმენები" წარმატებულ ბიზნესს ტოვებენ და შედარებით მცირეშემოსავლიან სამსახურში, პარლამენტში მიდიან, რაც კითხვებს აჩენს. კიდევ ერთმა შპს-მ - DARLDING -მა "ქართულ ოცნებას" 100.000 ლარი შესწირა­. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერითაც ირკვევა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალულია ამ კომპანიის კუთვნილი­ ქონების იპოთეკით დატვირთვა-გასხვისება,­ რაც ფინანსურ პრობლემებზე მიანიშნებს.­ იმედი მაქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ფაქტითაც დაინტერესდება. დარწმუნებული ვარ, რომელიმე საეჭვო შემო­მწირველს ხელს არავინ დააფარებს.

სხვა პარტიებსაც აფინანსებენ იურიდიული პირები, თუმცა, როგორც აღვნიშნე, არცთუ დიდი თანხით, ამიტომ მათი გადარიცხვების შესწავლა ჯერ არ დაგვიწყია. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ხშირად შემომწირველებად გვევლინებიან თვითონ მაჟორიტარობისა და დეპუტატობის ის კანდიდატები, რომლებიც რეიტინგული პარტიების სიების სათავეში არიან.

საინტერესოა, რის სანაცვლოდ სწირავენ­ ისინი თანხას?!

დაფინანსების მიხედვით "ქართული ოცნება" და "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერობს

მმართველი პარტია დაფინანსების მიხედვით პირველობას არავის უთმობს. მაგალითად, ივნისში მისთვის გაღებული შემოწირულობა 1 028 420.00 ლარი იყო. მეორე ადგილზეა პოლიტიკური მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" (741 942.00 ლარი), მესამე ადგილზე კი - ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (174 930.00 ლარი).

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 26 სექტემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა ასათიანი